Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერი შანტაჟად აფასებს მეტროს მემანქანეთა გაფიცვას


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტროს მემანქანეებს მოუწოდა, „ნუ დაარღვევენ კანონს, დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნუ დააყენებენ საკუთარ ინტერესებს მთელი ქალაქის მოსახლეობის ინტერესებსა და კანონზე მაღლა და დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს.“ კალაძის თქმით, მეტროს მემანქანეთა გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა, დააზიანოს დედაქალაქი და მისი მოსახლეობა. „მე, როგორც თბილისის მერი, რომელიც ანგარიშვალდებულია მერიის მუნიციპალიტეტის 24000-ზე მეტი თანამშრომლისა და დედაქალაქში მცხოვრები მილიონნახევარი მოსახლის წინაშე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ დავუშვებ, რომ თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს შანტაჟისა და გაურკვეველი, სრულიად დაუსაბუთებელი ულტიმატუმების გამო“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულია 24000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ასრულებენ უმნიშვნელოვანეს სამუშაოს და ყველა მათგანის შრომა საპასუხისმგებლო და დასაფასებელია. „დაუშვებელია შანტაჟის საფუძველზე მერიამ მიიღოს არასამართლიანი და უთანასწორო გადაწყვეტილებები. სხვა შემთხვევაში, მე არ ვიქნები მართალი ბაგა-ბაღების პედაგოგების, სასწრაფო დახმარების ბრიგადების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თუ სხვა სტრუქტურების წარმომადგენელთა წინაშე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებიან და ზრუნავენ თბილისსა და თბილისელებზე“, - განაცხადა კალაძემ. მისი ინფორმაციით, მემანქანეთა ხელფასი, რომელიც დარიცხვით შეადგენს 1400-1800 ლარს, გაცილებით მაღალია, ვიდრე პედაგოგების, სასწრაფო დახმარების ექიმების, პატრულის თანამშრომლების, მეხანძრე-მაშველების და თავად მეტროს სხვა თანამშრომლების ხელფასი.
კახა კალაძის მტკიცებით, მემანქანეთა მოთხოვნა შრომის ანაზღაურების 45%-ით მომატების შესახებ ნიშნავს მეტროთი მგზავრობის საფასურის ავტომატურ ზრდას.​

თბილისის მერის განცხადებით, იმის გამო, რომ მეტროს მემანქანეთა გაფიცვა მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებისკენ, გაფიცვის პერიოდში მუნიციპალური ავტობუსები მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურებიან. კალაძის ინფორმაციით, ავტობუსების არსებულ ნაკადს რეზერვი დაემატება.

თბილისის მეტრო 4 ივნისს დილიდან დაიკეტა მემანქანეების გაფიცვის გამო. ისინი მოითხოვენ შრომის საათობრივი აზაღაურების გაზრდას 7-დან 10 ლარამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG