Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC: გაფიცულებთან შეხვედრაზე კალაძის ინიციატივით არ დაასწრეს არასამთავრობოები


გლდანის დეპოში გაფიცულ მემანქანეებსა და ქალაქის მერს შორის მიმდინარე შეხვედრას მერის, კახა კალაძის ინიციატივით არ დაასწრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდა თამუნა ქებურიამ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მკვლევარმა. მისი თქმით, გაფიცულ მემანქანეებს სურდათ შეხვედრაში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიეღოთ, მაგრამ მერმა ამაზე უარი განაცხადა. გლდანის დეპოში მიმდინარე მოლაპარაკებას წინ უძღოდა მერიაში გამართული შეხვედრა დედაქალაქის მერს და მეტროს გაფიცულ მემანქანეებს შორის, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. შემდეგ მონაწილეები გაემართნენ გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოლაპარაკების სხვა გაფიცულ მემანქანეებთან ერთად გაგრძელების მიზნით. დღის პირველ ნახევარში კალაძემ მეტროს მემანქანეებს მოუწოდა, „ნუ დაარღვევენ კანონს, დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს". კახა კალაძის ეს განცხადება მოჰყვა მეტროს მემანქანეების გაფიცვას, რის გამოც თბილისის მეტრო 4 ივნისს დილიდან დაიკეტა. მეტროს მემანქანეები მოითხოვენ შრომის საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 7-დან 10 ლარამდე და მოთხოვნის შესრულებამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.

XS
SM
MD
LG