Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიაწოდა ცნობა ურანის გამდიდრების გეგმის შესახებ


ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი

ირანის განცხადებით, მან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეატყობინა, რომ აპირებს გააფართოოს ურანის გამდიდრების პროგრამა, თუ ჩაიშლება 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმება მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ. წერილობითი შეტყობინება მიაწოდეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ვენაში, რის შესახებაც განაცხადა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ალი აკბარ სალეჰიმ. მისივე თქმით, ირანი გააგრძელებს ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების დაცვას. გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ქვეყანას დაატოვებინა შეთანხმება, რომელიც ზღუდავს ირანში ურანის გამდიდრებას ამ ქვეყნის საწინააღმდეგო საერთაშორისო სანქციების შერბილების სანაცლოდ. ყველა დანარჩენი ხელმომწერი ქვეყანა - მათ შორის საფრლანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია - აცხადებს, რომ უერთგულებს შეთანხმებას. სალეჰის განმარტებით, შესაძლოა ხვალ საღამოს გაკეთდეს განცხადება ნატანცის საწარმოში ახალი ცენტრიფუგების შესაქმნელი ცენტრის გახსნის შესახებ. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს ცენტრიფუგების აწყობის დაწყებას. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მთავრობას დაავალა, მოემზადოს ურანის შეუზღუდავი გამდიდრების განახლებისათვის, თუ ჩაიშლება ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული საერთაშორისო შეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG