Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის საგამოძიები კომისია იწყებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შესწავლას


დღეიდან მუშაობას იწყებს ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შესასწავლად პარლამენტის მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია. მისი თავმჯდომარის, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პირველ ყოვლისა, კომისია შეთანხმდება ტექნიკურ საკითხებზე და იმაზე, თუ ვის და როდის დაიბარებენ. კაპანაძის ინფორმაციით, კომისია გამოითხოვს ყველა საგამოძიებო მასალას. კომისიის თავმჯდომარემ მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს მიმართა, ყველა მოთხოვნილი მასალა კომისიას დროულად მიაწოდონ. 17-წევრიან კომისიაში საპარლამენტო უმცირესობიდან იმუშავებენ: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი. უმრავლესობიდან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფიო კილაძე. ფრაქციიდან "საქართველოს პატრიოტები" კომისიის წევრია ადა მარშანია. საგამოძიებო კომისიაში იმუშავებს დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მუშაობაზე უარი თქვა.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ლევან დადუნაშვილს და დავით სარალიძეს 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბისას დანებით მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები.

2018 წლის 1 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს, გ.ბ-ს. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, 9 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს, გ.ჯ-ს. პროკურატურა ორივე არასრულწლოვანს ბრალს სდებდა ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში, თუმცა, მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია არ გაიზიარა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, ვინ მოკლა დავით სარალიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG