Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC ზვიად რატიანის სახელით შსს-ს სასამართლოში უჩივლებს


„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“, შსს-ს წინააღმდეგ, პოეტ ზვიად რატიანის სახელით, სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაცია მოითხოვს მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას იმ პერსონალური მონაცემების გავრცელების გამო, რომლებიც სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, ზვიად რატიანის დაკავების შემდეგ, მედიით გავრცელდა. დაკავების მომენტში პოლიციელების მიერ ფრაგმენტულად გადაღებული ვიდეომასალა, შსს-მ მოსარჩელის ინფორმირებისა და მისი ნებართვის გარეშე გადასცასაზოგადოებრივ მაუწყებელს. ამ უკანასკნელმა კი ის საკუთარ ეთერში გაუშვა. კადრები გავრცელდა სხვა მედიასაშუალებებითაც.

ამ ფრაგმენტულ კადრებში ბუნდოვნად მოჩანდა ნასვამი ზვიად რატიანი, რომელიც უცენზურო სიტყვებს ამბობდა, თუმცა ვიდეოზე ასახული არ იყო რატიანის ცემის ფაქტები. არადა, როგორც თავად რატიანი აცხადებდა, მას დაკავების შემდეგ რამდენიმე ადამიანი ურტყამდა.

EMC-ში აცხადებენ, რომ ამ კადრების გავრცელების შემდეგ „ზვიად რატიანი მუდმივი საზოგადოებრივი წნეხისა და ყურადღების ქვეშ ცხოვრობს. საჯარო სივრცეში ყოფნისას, მისი მისამართით ხშირად ისმის ირონიული, დამცინავი შეძახილები, კომენტარები, გამუდმებული მზერა, რამაც მას თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა წაართვა. ვიდეოჩანაწერების გასაჯაროვების შემდეგ, მის მიმართ, სხვადასხვა დროს, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგრესიას. აღნიშნულის შედეგად, ზვიად რატიანის ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, მას მოერღვა უსაფრთხოების განცდა და განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შეფასებით, ზვიად რატიანის პოლიციელთა პირადი მობილური ტელეფონით ვიდეოგადაღების და ამ ჩანაწერის მედიასაშუალებისთვის გაზიარების ფაქტი უკანონოდ შეაფასა, ხოლო შსს სამართალდამრღვევად ცნო.მაშინ, ინსპექტორის გადაწყვეტილებით, შსს2000 ლარით დაჯარიმდა.

დღეს კი, EMC სასამართლოსგან მოითხოვს, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკანონო ქმედების შედეგად, ზვიად რატიანისთვის მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას.

XS
SM
MD
LG