Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთმა უზბეკ თავდამსხმელს სამუდამო პატიმრობა შეუფარდა


შვედეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა უზბეკეთის მოქალაქე რახმატ აკილოვს სატვირთო მანქანით განხორციელებული თავდასხმისთვის, რომელმაც შარშან, სტოკჰოლმში 5 ადამიანი შეიწირა. შვედეთში სამუდამო პატიმრობა, როგორც წესი, ფიქსირებულია და ხშირად 16-18 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. სასამართლო გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც აკილოვი სასჯელს მოიხდის, მას ქვეყნიდან გააძევებენ, დაბრუნების ნებართვის გარეშე. სასამართლოს სხდომაზე აკილოვმა განაცხადა, რომ სატვირთო ავტომანქანით, მკვლელობის მიზნით შეეჯახა ხალხს, რათა თავისი წვლილი შეეტანა „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში. აკილოვის თქმით, მისი სურვილი იყო, რომ შვედეთს შეეწყვიტა სამხედროების და ფულის გაგზავნა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად. 2017 წლის 7 აპრილს, რახმატ აკილოვი მოპარული ავტომანქანით, სტოკჰოლმის ცენტრში შეეჯახა გამვლელებს. დაიღუპა 5 და დაშავდა 15 ადამიანი. აკილოვი შვედეთში რამდენიმე წლის წინ ჩავიდა და თავშესაფრი ითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG