Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ევროპას აფრთხილებს, რომ ბირთვული ხელშეკრულების გადასარჩენად დრო ცოტა რჩება


ირანმა ევროპა გააფრთხილა, რომ მისი ბირთვული პროგრამის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების გადასარჩენად დრო ცოტა რჩება და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის "ცალმხრივობა", ხელშეკრულებისგან გასვლის გამო. ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ ჩინეთში მიმდინარე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის მონაწილეებს უთხრა, აშშ-ის მცდელობა "მისი პოლიტიკა სხვებსაც თავს მოახვიოს ყველა ჩვენგანისთვის მზარდი საფრთხეა". შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას ჩინეთი და რუსეთი ხელმძღვანელობენ და ირანს მასში დამკვირვებლის სტატუსი აქვს. პარალელურად, ირანის პარლამენტის სპიკერმა, ალი ლარიჯანიმ თქვა, დადგა დრო ევროპამ გვაჩვენოს, რომ შეუძლია ხელშეკრულების გადარჩენაო. "საკითხი ცხადად დგას - ოფიციალური ირანი არ დაელოდება ევროპის უსასრულო დაპირებებს" - უთხრა ლარიჯანიმ პარლამენტარებს ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში და დასძინა - "მოლაპარაკებისთვის დრო იწურება და თუ ევროპა თვლის, რომ შეუძლია ბირთვული ხელშეკრულების შენარჩუნება, მან თავისი გადაწყვეტილება ღიად და სწრაფად უნდა გამოაცხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ირანი სამომავლო ნაბიჯებს გადადგამს ბირთვულ და სხვა საკითხებთან მიმართებით". პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში განაცხადა, რომ აშშ ტოვებს შეთანხმებას, რომელსაც ის ღრმად ხარვეზიანად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG