Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ მერაბ მორჩაძესა და მირზა სუბელიანს ბრალდება წარუდგინა

მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული ორი პირისთვის - მ.მ.-სა და მ.ს.-სთვის ბრალდების წარდგენის შესახებ. მ.მ.-ს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით: მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით მოწმის მოსყიდვა ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით. მ.ს.-ს კი წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას.

ბოლო დღეებში სამართალდამცავებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში დააკავეს მერაბ მორჩაძე და მირზა სუბელიანი.

მთავარი პროკურატურის ცნობით, „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მ.მ.-მ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმეზე მ.კ.-ზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით განახორციელა ზემოქმედება, კერძოდ მ.მ.-მ თვითმხილველ მოწმეს რამდენჯერმე გადასცა ფულადი თანხა და დაპირდა, რომ თუ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს შეცვლიდა გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და გ.ჯ.-ს არ ამხელდა დანაშაულში, მას მატერიალურად დაეხმარებოდა და მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში უზრუნველყოფდა მედიისა და საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერას“.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აგრეთვე ვკითხულობთ: „ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მ.ს.-სთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს“.

საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს, ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

XS
SM
MD
LG