Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე სულ 19 პირია დაკავებული


პოლიცია აქციის მონაწილეს აკავებს რუსთაველის გამზირზე. 2018 წლის 11 ივნისი
პოლიცია აქციის მონაწილეს აკავებს რუსთაველის გამზირზე. 2018 წლის 11 ივნისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 8 პირი, მათ შორის, თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე. ჭელიძის განცხადებით, ამ პირებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს და არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. მამუკა ჭელიძის განცხადებითვე, ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია, რომელიც ასევე, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და არ ემორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნებს, თუმცა, პოლიციამ ადგილზე აღკვეთა მელიას სამართალდარღვევა და ის თავისუფალია.

თავდაპირველად შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული იყო თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილიც, თუმცა, მოგვიანებით ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა განმარტება, რომ „მოხდა ტექნიკური შეცდომა პირთა ვინაობის დასახელების დროს“ და ლევან ხაბეიშვილი სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ.

შსს-ს ცნობითვე, დღეს რუსთაველის გამზირზე დააკავეს ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი, რომელიც აქციას უერთდებოდა, პიროვნების იდენტიფიცირებისას კი პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას. შსს-ს ინფორმაციით, ამ პირს შემოწმებისას დანა აღმოუჩინეს.

შსს-ს განცხადებითვე, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში, პოლიციელებმა დააკავეს კიდევ ერთი, 5 ივნისიდან ქურდობისთვის ძებნილი პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ოფიციალური ინფორმაციით, ის კარავში მყოფ აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკებისას დააკავეს. შსს-ს განცხადებითვე, იქვე დააკავეს პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირიც. 11 ივნისს სულ დაკავებულია 19 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, „საკუთარი აზრის გამოხატვა მოახდინონ კანონმდებლობის შესაბამისად, დაიცვან მართლწესრიგი და არ დაარღვიონ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები.“ სამინისტრის განცხადებითვე, „იმ შემთხვევაში, თუ კანონის საწინააღმდეგოდ ადგილი ექნება გზის სავალი ნაწილის ბლოკირებას ან მოძრაობის შეზღუდვის მცდელობას, პოლიცია შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.“

XS
SM
MD
LG