Accessibility links

„ქართული ოცნება“ უარყოფს სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობას


„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ იყო განხილული უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც 12 ივნისს, პარტიის მთავარ ოფისში გაიმართა. განხილვის მთავარ თემად დასახელდა UNICEF-ის ყოველწლიური კვლევა - „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017“. „ჩვენ ვიმსჯელეთ მიმდინარე საკითხებზე, ვიმსჯელეთ გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგებზე. ამ შედეგებთან დაკავშირებით იყო განხილული მთელი რიგი საკითხები და მათ შორის, როგორც ცნობილია, ჩვენი თანამოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავ დგას პრობლემების წინაშე, რასთან მიმართებითაც საჭიროა ხელისუფლებისა და მთავრობის სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით სამოქმედო გეგმას მთავრობისგან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეკითხვაზე - უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება სამთავრობო ცვლილებებს, - არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „საზოგადოება უნდა ელოდოს ძალიან პრინციპულ პასუხს მთავრობისა და ხელისუფლების მხრიდან იმ შედეგებზე, სადაც ვხედავთ, რომ პრობლემები რჩება“.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG