საბერძნეთმა და მაკედონიამ მოაგვარეს მრავალწლიანი უთანხმოება ყოფილი იუგოსლავიის წევრი რესპუბლიკის სახელწოდების გარშემო. მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა 12 ივნისს გამოაცხადა, რომ ათენი და სკოპიე შეთანხმდნენ სახელწოდებაზე „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“ („სევერნა მაკედონია“ ამ ქვეყნის ენაზე). როგორც ზაევმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეთანხმება იძლევა მაკედონიის ეთნიკური და კულტურული იდენტობის შენარჩუნების საშუალებას. მისივე თქმით, შეთანხმების შესახებ მაკედონიაში რეფერენდუმი გაიმართება. მოლაპარაკების შედეგი შეაქო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმაც. „კმაყოფილი ვარ, რადგან მივაღწიეთ რიგიან შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საბერძნეთის მხარის მიერ წაყენებულ ყველა პირობას“, აღნიშნა მან 12 ივნისს. შეთანხმებას „ისტორიული“ უწოდა და მხარეებს მის ბოლომდე მიყვანისაკენ მოუწოდა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მაკედონიის სახელწოდების გარშემო საბერძნეთთან დავა დაიწყო 1991 წელს, როცა მაკედონია მშვიდობიანად გამოეყო იუგოსლავიას და გამოაცხადა დამოუკიდებლობა სახელწოდებით „მაკედონიის რესპუბლიკა“. ათენი შიშობს, რომ ქვეყანას შესაძლოა გაუჩნდეს პრეტენზია საბერძნეთის ამავესახელწოდებიან პროვინციაზე, რომელიც ესაზღვრება მაკედონიის რესპუბლიკას. დავის გამო ფერხდებოდა ევროკავშირსა და ნატოში მაკედონიის გაწევრიანების პროცესი.
ათენი და სკოპიე შეთანხმდნენ სახელწოდებაზე „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“

ყველაზე პოპულარული
1