პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის, თამთა მიქელაძის შეფასებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიების დაწყება კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას, რომელიც შესაძლოა, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მიმართ ჰქონდეთ მაჩალიკაშვილების ოჯახს და საზოგადოებას.
„ეს სუს-ის მხრიდან პოლიტიკური ცინიზმია მაშინ, როდესაც სწორედ ამ უწყების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოხდა ბრუტალური სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი თემირლან მაჩალიკაშვილის და ამავდროულად, სწორედ ამ უწყებამ ჩაატარა მალხაზ მაჩალიკაშვილის სახლში ძალიან მძიმე სპეცოპერაცია, რომელიც ღირსების შემლახავი მოპყრობით დაიგეგმა“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას თამთა მიქელაძემ. მისივე თქმით, მაჩალიკაშვილმა პირველივე დღეებში განმარტა, რომ ეს იყო ემოციური განცხადება და არსებითად საუბრობდა თვითაფეთქებაზე, როგორც პოლიტიკურ სუიციდზე.
13 ივნისს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ გამოძიებაა დაწყებული მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების საფუძველზე. 31 მაისს, პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გამოსვლისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ უსამართლობის განცდის გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავის აფეთქება ჰქონდა გადაწყვეტილი რამდენიმე პირთან ერთად, თუმცა, გადაიფიქრა, რადგან არ სურდა მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავებულიყვნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ნებისმიერი პირის მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადების შემდეგ, სადაც საუბარია ტერორისტული აქტის ჩადენაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს.