Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის შეფასებით, ჩრდილოეთი კორეა აღარ წარმოადგენს „ბირთვულ საფრთხეს“


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს ქვეყანა აღარ წარმოადგენს „ბირთვულ საფრთხეს“. ტრამპმა 13 ივნისს, ანუ კიმ ჩენ ინთან სინგაპურში შეხვედრის მომდევნო დღეს, ტვიტერში დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან აღარ მომდინარეობს ბირთვული საფრთხე. „კიმ ჩენ ინთან შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ძალიან პოზიტიური გამოცდილება. ჩრდილოეთ კორეას დიდებული პოტენციალი აქვს სამომავლოდ“, წერს ტრამპი. მან და კიმმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც საუბარია მუშაობაზე „კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციის“ მისაღწევად. მაგრამ არ არის დასახელებული ვადები და არ არის საუბარი იმაზე, რომ ფხენიანმა იკისრა თავისი ბირთვული არსენალის დემონტაჟის ვალდებულება. შარშან აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტები გამოცადა და ჩაატარა ასევე ბირთვული გამოცდა, რასაც ახლდა კიმისა და ტრამპის ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადებები. სინგაპურში 12 ივნისის სამიტის შემდეგ, ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეწყვეტს „ძალიან პროვოკაციულ“ და ძვირადღირებულ სამხედრო წვრთნებს, რომლებსაც აშშ რეგულარულად ატარებს სამხრეთ კორეასთან ერთად. ეს განცხადება მოულოდნელი იყო სამხრეთ კორეისა და მეზობელი იაპონიისათვის. აშშ-ს 28 500 ჯარისკაცი ჰყავს სამხრეთ კორეაში.

XS
SM
MD
LG