Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოზურგეთში დეპუტატს სცემეს


ოზურგეთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატს ბესო ქათამაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ ოზურგეთის საკრებულოს წევრის დავით მჟავანაძის თქმით, ბესო ქათამაძეს ფრაქცია "ქართული ოცნების" კაბინეტში დაესხნენ თავს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო.

"ქართული ოცნების" დეპუტატებს ბესო ქათამაძის ფეისბუკპოსტი არ მოეწონათ და ამის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბესო ქათამაძეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პოსტი ჰქონდა დაწერილი. ბესოს "ქართული ოცნების" ფრაქციის ოთახში თავად უმრავლესობის დეპუტატებმა სთხოვეს შესვლა, ზურგიდან მიეპარნენ და თავის არეში დაარტყეს. მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, ფაქტი შეისწავლოს", - განაცხადა დავით მჟავანაძემ.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

გაზეთ „გურია-ნიუსის“ ცნობით, ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოაქვეყნა ტექსტი, რომლის ადრესატიც ოზურგეთის საკრებულოს უმრავლესობის წევრები არიან. მიმართვა მთავრდება ხელმოწერით: „პატივისცემით, ბატონი გობრონიძე გაგიშვებთ იქ, სადაც საჭიროა!“

გაზეთის ცნობით, "პატივისცემით ბატონი გობრონიძე" კულტურულ გინებად დამკვიდრდა ოზურგეთში მას შემდეგ, რაც ოზურგეთის ვიცე-მერს, ალეკო სურგულაძეს, ბიზნესმენმა ზურაბ გობრონიძემ გაუგზავნა სკაბრეზული შინაარსის წერილი ხელმოწერით “პატივისცემით, ზურაბ გობრონიძე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG