Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ი შიშობს, რომ არსებობს „ტერორიზმის“ მუქარა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფრთხილებს თავის მოქალაქეებს იმის თაობაზე, რომ „ტერორისტებმა“ შესაძლოა მიზანში ამოიღონ რუსეთის ის ქალაქები, სადაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები მიმდინარეობს. ამასთან გაფრთხილება არ მიუთითებს ტერორიზმის კონკრეტულ საფრთხეზე. 15 ივნისს გამოქვეყნებულ მოგზაურთათვის განკუთვნილ საკონსულტაციო მითითებებში, სახელმწიფო დეპარტამენტი აფრთხილებს აშშ-ის მოქალაქეებს, რათა გაითვალისწინონ როგორც „ტერორიზმის“, ისე ადგილობრივ სამართალდამცველთა თუ სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან შესაძლო „დევნისა და გამოძალვის“ საფრთხე და თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისაგან. „მასშტაბური სპორტული ასპარეზობა, როგორიც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატია, ტერორისტებისათვის მიმზიდველ სამიზნეს წარმოადგენს“, - აცხადებენ უწყებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ განცხადების ფონია ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სოციალურ ქსელებში შარშანდელი წლიდან გავრცელებული მუქარები, მიმართული მსოფლიო ჩემპიონატის ჩასაშლელად. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსკოვსა და რუსეთის 11 ქალაქში, სადაც შეჯიბრებები ტარდება, მობილიზებულია ათეულ ათასობით სამართალდამცველი. „ჩვენ მზად ვართ თავიდან ავიცილოთ და აღვკვეთოთ ნებისმიერი საფრთხე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩემპიონატის დაწყების წინ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ლავრიშევმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG