Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის მთავრობას ემუქრება უნდობლობის გამოცხადება მაკედონიასთან გარიგების გამო


საბერძნეთის პარლამენტი
საბერძნეთის პარლამენტი

პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის მემარცხენე მთავრობას ემუქრება უნდობლობის გამოცხადება და ფართო საპროტესტო აქციები მას შემდეგ, რაც ათენმა და მაკედონიამ შეთანხმებას მიაღწიეს ამ უკანასკნელის სახელწოდებასთან დაკავშირებით. კენჭისყრა მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დაგეგმილია ერთი დღით ადრე, ვიდრე ორი ქვეყნის საზღვარზე, 17 ივნისს, ერთმანეთს შეხვდებიან საბერძნეთისა და მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრები, რათა ხელი მოაწერონ ისტორიულ შეთანხმებას. საბერძნეთის მეზობელი სახელმწიფოს სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებული მრავალწლიანი დაპირისპირების შემდეგ, ათენმა და სკოპიემ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად მაკედონიას ამიერიდან ეწოდება „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“. ამ ნაბიჯს მნიშვნელოვანი წარმატება უწოდეს ევროკავშირმა და ნატომ. თუმცა, შეთანხმებას ჰყავს ოპონენტები, როგორც საბერძნეთში ისე თავად მაკედონიაში. საბერძნეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ დაგმო „კაპიტულანტური“ შეთანხმება და პარლამენტს მთავრობის ნდობის საკითხს კენჭისყრაზე დაყენება მოითხოვა. მაკედონიის პრეზიდენტმა ჯორჯე ივანოვმა თავის მხრივ პირობა დადო, რომ გამოიყენებს ვეტოს უფლებას, თუ მაკედონიის პარლამენტი მხარს დაუჭერს საბერძნეთთან მიღწეულ შეთანხმებას. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს უნდობლობის გამოცხადებისათვის საკმარისი ხმების მობილიზებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG