Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობის შემადგენლობა ჯერჯერობით ფორმალურად იცვლება


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პარლამენტს ნდობის მისაღებად წარედგინება მინისტრთა კაბინეტის ფორმალური შემადგენლობა, რომლის წევრთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება.

ბახტაძის თქმით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება, რასაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ვინ, რა თანამდებობას დაიკავებს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა არ დააკონკრეტა რომელი სამინისტროების გაუქმება იგეგმება.

„უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას და მის პროგრამას, ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კი მცირე მთავრობის კონცეფციაა, რაც გულისხმობს მოქნილ და ეფექტურ სამთავრობო სტრუქტურებს“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, სამინისტროების 14-დან 11-მდე შემცირების რეფორმა დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, შესაბამის საკანონმდელო ცვლილებებს კი სჭირდება დრო და პროცედურების გავლა.

„შედეგად ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომლის ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება, ხოლო დაახლოებით ორი-სამი კვირის შემდეგ, როცა საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება და დასრულდება კონსულტაციები პარლამენტში, პროცედურა - განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად“ - განაცხადა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობას შესთავაზა დაიწყოს კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მომდევნო ორი დღის განმავლობაში, შემჭიდროებულ ვადაში წარიმართოს. მამუკა ბახტაძის თქმით, სამთავრობო პროგრამის და მთავრობის პერსონალური შემადგენლობის დეტალური განხილვა უნდა მოხდეს მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის წარდგენისას და პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად წარდგებიან უშუალოდ ის მინისტრები, რომლებმაც მასთან ერთად უნდა იტვირთონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე. ბახტაძის ინფორმაციით, მინისტრებს შორის იქნებიან ახალი სახეებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG