Accessibility links

მალხაზ მაჩალიკაშვილი: ქისტების დაჩოქება არასდროს იქნება


მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობის სოფელ დუისში გამართულ აქციაზე 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა და კიდევ ერთხელ მოითხოვა მისი ვაჟის უდანაშაულოდ ცნობა, სახელმწიფოს მიერ თავისი „სასტიკი დანაშაულის“ და შეცდომის აღიარება და დასჯა ყველა იმ ადამიანისა, რომელსაც ამ „სასტიკ დანაშაულში ურევია ხელი.“ ასეთ პირებად მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაასახელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე იოსებ გოგაშვილი და სპეცრაზმელი, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა.

„მე მაქვს ინფორმაციები, რომ ეს იყო გახარიას და გომელაურის ერთობლივი ოპერაცია და ვითხოვთ ამ ადამიანების დასჯას“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისივე თქმით, ეს არის პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების და ქართველების და საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 75%-ის მოთხოვნები და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციები თბილისში გაგრძელდება და ყველანაირად შეეცდებიან სიმართლის დადგენას.

„რაც შეეხება პანკისელ ქისტებს, ქისტების დაჩოქება არასდროს იქნება და არც ყოფილა. ჩვენ მიზანს მივაღწევთ. ნურავის ექნება ილუზია, რომ ქისტები გატყდებიან და ერთმანეთს კბენას დაუწყებენ“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა. მისივე თქმით, წინა ხელისუფლებაც და დღევანდელიც თავისი მიზნებისთვის იყენებს ადამიანის სისხლს. „ეს ამის მერე აღარ იქნება. შეიგნეთ, რომ აღარ იქნება პანკისში მცხოვრები ქისტების სისხლზე თამაში. ამას დაესვა წერტილი“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მან სახელმწიფოს მოუწოდა, აღიაროს პანკისის ხეობის სოფელ დუისში შარშან დეკემბერში ჩადენილი შეცდომა, რომელსაც იქვე უწოდა არა შეცდომა, არამედ ტერორისტული აქტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG