Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტი უკმაყოფილოა საქართველოს სასარგებლოდ მიწის "დაკარგვით"


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი აპირებს შექმნას კომისია ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის საკითხის გამოსაძიებლად. სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, საკითხის განხილვის საფუძვლად იქცა ზნაურის რაიონის მცხოვრებთა მიმართვა იმის შესახებ, რომ სოფელ წნელისის ნაწილი „საზღვარს“ მიღმა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსლან თედეევის განცხადებით, სოფლის მცხოვრებთა მიმართვა განიხილა პროფილურმა კომიტეტმა და გადაწყვიტა შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის „საქართველოს რესპუბლიკასთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის საკითხს.“ თედეევის თქმით, პირველ ეტაპზე განიხილავენ დოკუმენტებს, რომლითაც საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისია ხელმძღვანელობდა. „გარდა ამისა, გვაქვს 1922 წლის 20 აპრილის დოკუმენტი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ და ადმინისტრაციული საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის 1931-1936 წლებში შედგენილი რუკების ასლები და ეს ყველაფერი უნდა შევისწავლოთ“ - განაცხადა თედეევმა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერის, პეტრე გასიევის თქმით, საუბარია სასარგებლო წიაღისეულის ბუდობებზე, რომლებიც „ჯადოსნობით აღმოჩნდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ტერიტორია არ არის.“ გასიევის განცხადებით, ეს მათი მიწაა, რომლის თითოეულ კილომეტრს ოქროს ფასი აქვს.

XS
SM
MD
LG