საქართველოში იმყოფება ეუთოში ამ ორგანიზაციის 30-მდე წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლების დელეგაცია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის შემდეგ ეს ეუთოს ელჩების პირველი ვიზიტია. დღეს დელეგაციას შეხვდა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსთვის ეუთოს მხარდაჭერის მნიშვნელობა, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უსაფრთხოების პრობლემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას - ადამიანების გატაცებას, წამებას და უფლებების დარღვევას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, საუბარი იყო კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლითაც უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო ორგანიზაციების და განსაკუთრებით ეუთოს როლი უსაფრთხოების კონტექსტში. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა იყოს დარჩენილი მონიტორინგს მიღმა. საქართველოს პრეზიდენტმა ელჩებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე და მადლობა გადაუხადა დახმარებისათვის, რომელსაც საქართველო გრძნობს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.