Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიოს მოუწოდა, ახსოვდეს ლტოლვილები და იმოქმედოს


ანტონიუ გუტერეში
ანტონიუ გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაავრცელა საგანგებო მიმართვა ლტოლვილთა საერთაშორისო დღის გამო, რომელიც 20 ივნისს აღინიშნება. გენერალური მდივნის განცხადებით, კონფლიქტების, ან დევნის შედეგად, დღეს მთელ მსოფლიოში 68 მილიონზე მეტი ადამიანია ლტოლვილი, ან იძულებით გადაადგილებული. გუტერეში აღნიშნავს, რომ 2017 წელს, იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა იზრდებოდა ყოველ ორ წამში ერთხელ. გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, აუცილებელია ლტოლვილების და მათი მიმღები ქყევნებისთვის უფრო აქტიური დახმარების გაწევა და უნდა აღდგეს ლტოლვილთა დაცვის ეფექტური საერთაშორისო რეჟიმი. გუტერეშის თქმით, მარტო და დახმარების გარეშე არ უნდა მოქმედებდეს არცერთი ქვეყანა, რომელიც თავშესაფარს აძლევს ომის, ან დევნის გამო გაქცეულ ადამიანებს. „თუ ერთიანი ფრონტით არ გამოვალთ, ჩავარდნისთვის ვართ განწირულნი“ - აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი. მისი ინფორმაციით, წელს გაეროს გენერალურ ასამბლეას წარედგინება გლობალური შეთანხმება ლტოლვილების შესახებ. ანტონიუ გუტერეშმა მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდა, ახსოვდეთ ლტოლვილები, მათი გამძლეობის და მამაცობის ისტორიები, სოლიდარობა და თანაგრძნობა გამოიჩინონ და იმოქმედონ.

19 მაისს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა გამოაქვეყნა ახალი მოხსენება, რომლის თანახმად, ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე მეტი, დაახლოებით 6 მილიონი ლტოლვილია სირიიდან. მეორე ადგილზეა ავღანეთი, საიდანაც დევნილია 2,6 მილიონი ადამიანი და მესამეზე სამხრეთ სუდანი 2,4 მილიონი ლტოლვილით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG