საქართველოს პარლამენტმა 99 ხმით 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა მთავრობის ახალ შემადგენლობას, რომელსაც ყოფილი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს.
მთავრობის ახალ შემადგენლობას უნდობლობა გამოუცხადეს პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციებმა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალმა ფრაქციებმა და „საქართველოს პატრიოტებმა“.
ოპოზიციური ფრაქციებისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოიწონეს სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა“.
პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობა არსებული შემადგენლობით დროებით, სამი კვირის განმავლობაში იმუშავებს. მას შემდეგ კი, რაც კანონმდებლობაში აისახება „მცირე მთავრობის კონცეფცია“ - ახალი პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, სამინისტროების 14-დან 11-მდე შემცირების შესახებ - მამუკა ბახტაძე პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას წარუდგენს. პრემიერ-მინისტრის თანახმად, ეს სამი კვირის შემდეგ მოხდება.