Accessibility links

აზერბაიჯანში ბამბის მინდვრებზე ხალხი იწამლება


აზერბაიჯანში ასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 14 წლის გოგონა საავადმყოფოში მოათავსეს მოწამვლის სიმპტომებით. ყველა მათგანი იმიშლის რაიონში, ბამბის მინდვრებზე მუშაობდა. ვარაუდობენ, რომ მოწამვლის მიზეზი მავნებლი მწერების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიკატებია, თუმცა ამას აზერბაიჯანის ხელისუფლება ოფიციალურად არ ადასტურებს. იმიშლის რაიონის პროკურორის მოადგილის, სულთან მურადოვის განცხადებით, მასობრივი მოწამვლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ივნისის დასაწყისიდან აზერბაიჯანში დაფიქსირდა ბამბის მინდვრებზე დასაქმებულთა მოწამვლის უკვე მესამე შემთხვევა. გასულ კვირაში ტერტერის რაიონში 14, ხოლო საათლის რაიონში 24 ადამიანი მოიწამლა. აზერბაიჯანში ბამბას ძირითადად, ქალები აგროვებენ და მათი ყოველდღიური შრომის ანაზღაურება 10 მანათი, დაახლოებით 6 აშშ დოლარია.

აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ინამ ქერიმოვმა არ გამორიცხა, რომ მოწამვლის მიზეზი ქიმიკატებია, თუმცა, მისივე თქმით, უმჯობესია გამოძიების შედეგებს დაელოდონ. ქერიმოვის განცხადებით, მავნებლების საწინააღმდეგო ქიმიკატების გამოყენება აუცილებელია და უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებლები არიან კერძო კომპანიები და ფერმერები. მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად ამოწმებენ იმპორტირებული ქიმიკატების ხარისხსაც.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ინფორმაციით, ბამბის მინდვრები, სადაც ხალხი მოიწამლა ეკუთვნის კომპანია MKT-ს, რომელიც აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის, ქემალადინ ჰეიდაროვის ოჯახის კომპანიის, Gilan Holding-ის შვილობილი სტრუქტურაა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG