Accessibility links

ქართულმა მხარემ არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადაცემა ამჯერად, ჟენევაში მოითხოვა


ოკუპირებულ ცხინვალში 2018 წლის თებერვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს თბილისში დაკრძალეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 20 ივნისს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდზე განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე 21 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს და მონაწილეებს გადასცეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შუალედური დასკვნა, რომელიც ნათლად წარმოაჩენს არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტს. თბილისის დელეგაციამ თანათავმჯდომარეებს და მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების, დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევისთვის არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალის დაუსწრებლად წარდგენის შესახებ.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაგმო ცხედრის დაგვიანებით, შინაგანი ორგანოების გარეშე გადმოცემა და რუსეთის მოუწოდა არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების დაუყოვნებლივ გადმოცემისაკენ, რათა შესაძლებელი გახდეს ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარება. საქართველოს წარმომადგენლებმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას და მოუწოდეს, ხელი არ შეუშალოს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას. თბილისის დელეგაციამ ასევე განაცხადა, რომ ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფა უკვე იქცა შემაშფოთებელ ტენდენციად, რისი დასტურიცაა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მიერ გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ხაზი გაუსვეს ამ საქმეებზე დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობას, ხოლო რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დასმულ საკითხებს ვერ გასცეს არგუმენტირებული პასუხები.

დაწერეთ კომენტარი აქ

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG