Accessibility links

"დიდი შვიდეულის" ელჩები ითხოვენ რუსეთში მყოფი უკრაინელი პატიმრების გათავისუფლებას


ოლეგ სენცოვი

უკრაინაში „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ელჩებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი მიმართვა, რომელშიც ღრმა შეშფოთება გამოთქვეს ოლეგ სენცოვის და რუსეთში მყოფი სხვა უკრაინელი პატიმრების მდგომარეობის გამო. „მათი გათავისუფლება, როგორც დაკავებულთა ფართო, ორმხრივი გაცვლის ნაწილი იქნებოდა ჰუმანიტარული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯი“ - ნათქვამია კანადის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და იაპონიის ელჩების ერთობლივ განცხადებაში.

უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც სასჯელს ურალის მხარის ერთ-ერთ კოლონიაში იხდის, 14 მაისის შემდეგ შიმშილობს რუსეთის საპატიმროებში მყოფი 64 უკრაინელის გათავისუფლების მოთხოვნით. უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, მცდელობების მიუხედავად ვერ მიიღო ინფორმაცია ოლეგ სენცოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დენისოვა ვარაუდობს, რომ სენცოვს ძალით აჭმევენ.

20 ივნისს, „ნოვაია გაზეტასთან“ ინტერვიუში რუსეთის დუმის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ტატიანა მოსკალკოვამ ოლეგ სენცოვის შიმშილობა შეადარა „სამკურნალო შიმშილობას“ და განაცხადა, რომ სენცოვს მისი თანხმობით უტარდება თერაპია ვიტამინების და გლუკოზის გამოყენებით.

რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი და სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრ კოლჩენკო 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად დასდეს ტერაქტების ორგანიზება. 2015 წლის აგვისტოში, დონის როსტოვის სასამართლომ სენცოვს 20 წლით, კოლჩენკოს კი 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უფლებადამცევლი ორგანიზაციები ოლეგ სენცოვს და ალექსანდრ კოლჩენკოს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG