Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე: გამოცდებზე გაგრილების სისტემის შესახებ მთავრობის სხდომაზე ვისაუბრებთ


უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი გამოცდების დროს
უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი გამოცდების დროს

საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გაგრილების სისტემის მოწესრიგების დაგეგმვა უკეთ შეიძლებოდა. მისი თქმით, საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც განიხილება: „ეს გარემოება არის ძალიან ცუდი. დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება ეს უმოკლეს ვადებში მოგვარდეს. ეს იყო საკითხი, რომლის დაგეგმვაც უკეთ შეიძლებოდა. გავერკვევი დეტალებში, თუ რატომ დადგა ასეთი გარემოება“. ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს 22 საგამოცდო ცენტრიდან წელს კონდიციონერი მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების საკითხის თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, გაგრილების სისტემა წელს საპილოტე რეჟიმში დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს მდებარეობს: „ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას, საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემის არარსებობა მუდმივად პრობლემას წარმოადგენდა, რის გამოც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა იყო, აღნიშნული საკითხი ეტაპობრივად მოგვარებულიყო. შესაბამისად, გაგრილების სისტემა წელს საპილოტე რეჟიმში დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი ცენტრების აღჭურვა, რომელიც სოლიდურ ბიუჯეტს საჭიროებს, მხოლოდ და მხოლოდ პილოტირების შემდეგ განხორციელდება.მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს ყველა საგამოცდო ცენტრში შესაბამისად მოწესრიგდა და გარემონტდა სველი წერტილებიც“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 2 ივლისს, ორშაბათს იწყება. საგამოცდო ცენტრები გახსნილია 10 ქალაქში. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ დეპარტამენტში, 2 ივლისს დედაქალაქში ტემპერატურა სულ მცირე +38 გრადუსამდე აიწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG