Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღალი ტემპერატურის გამო ცვლილებები შევიდა საგამოცდო განრიგში


საქართველოში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდები გადაინაცვლებს დღის პირველ ნახევარში. ამის შესახებ განცხადება გააკეთა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე: „დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ მინისტრმა დაავალა განათლების მინისტრს, რომ საგამოცდო პროცესი წარიმართოს აბიტურიენტთათვის მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში, შესაბამისად, სამინისტრო ყველა ღონეს მიმართავს, რომ უმოკლეს დროში აღჭურვოს ცენტრები შესაბამისი საშუალებებით. იქიდან გამომდინარე, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლოა, დაფიქსირდეს საშუალო სტატისტიკურზე მაღალი ტემპერატურა, გამოცდების დიდი ნაწილი გადავიდა დღის პირველ ნახევარში, შესაბამისად, აუცილებელია, რომ ყველა აბიტურიენტმა დააზუსტოს გამოცდებზე გამოცხადების ზუსტი თარიღი და დრო. ეს შესაძლებელია, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე, ასევე გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე. სიგრილე კარგია, თუმცა, ეს უკავშირდება ხმაურს, ელექტროენერგიის მოხმარებას, არა ფასის, არამედ სიმძლავრის კონტექსტში. ამას ყველაფერს სჭირდება შესაბამისი მომზადება სკოლებში, მომზადების პროცესი უკვე დაიწყო და აუცილებლად დროულად იქნება დასრულებული. ამინდის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ გამოცდების მიმდინარეობისას აბიტურიენტთათვის შევქმნათ სათანადო პირობები“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივნისიდან 4-ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია +40, +43 გრადუსს მიაღწიოს; ხოლო დასავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსი ფარგლებშია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ჰაერის ტემპერატურა +38, +40 გრადუსი იქნება.

XS
SM
MD
LG