Accessibility links

სახალხო დამცველის ოფისი ეთანხმება საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებს


გიორგი ბურჯანაძე

ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართულია ეს რეკომენდაციები, რომლებიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ წარმოადგინა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, საქმის მასალები შესწავლილი აქვს სახალხო დამცველის ოფისსაც და მათაც სწორედ ის ეჭვები და კითხვის ნიშნები გაუჩნდათ, რაც გამოიკვეთა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში.

„შენიშვნის გაკეთება გვიჭირს ამ ეტაპზე. ვფიქრობ, ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართულია ეს რეკომენდაციები. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია გაფართოებულ რეჟიმში, როდესაც კენჭს უყრიან ამ რეკომენდაციებს და შემდეგ, როგორ გადაწყდება ეს საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

30 ივნისს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს კომისიის წევრებმა ორ მოზარდთან დაკავშირებული რეკომენდაციები გააცნეს. ამ რეკომენდაციების თანახმად, უნდა დაიწყოს გამოძიება არასრულწლოვან გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე, რაც ამ დრომდე არ არის გამოძიებული და ასევე, უნდა დაიწყოს სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს წინააღმდეგ, რომლის შემთხვევაშიც იკვეთება დანაშაულის ნიშნები, თუმცა გამოძიებას არც ამ კუთხით უმუშავია.

რეკომენდაციები შემუშავებულია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ, რომლებიც საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით არიან წარმოდგენილი. კომისიის წევრები „ქართული ოცნებიდან“ არ იზიარებენ მ.კ.-სთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, რადგან მას ნაჩქარევად მიიჩნევენ. რეკომენდაციების მიღების საკითხი კენჭისყრის გზით გადაწყდება და კომისიის ფარგლებში უმრავლესობით წარმოდგენილი „ევროპული საქართველო“ შეძლებს ამ საკითხის გატანას. თუმცა შემდეგ რეკომენდაციების გარშემო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა იმსჯელონ და ამჟამინდელი განწყობების თანახმად, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს მ.კ.-სთან დაკავშირებულ რეკომენდაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG