Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო სახელმწიფო ავტომობილების სავალდებულო შემოწმება


თბილისი
თბილისი

პირველი ივლისიდან ე.წ. ტექდათვალიერების გავლა მოუწევთ სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რადგან დაიწყო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური ინსპექტირების გავლა საქართველოს მასშტაბით 32 აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრშია შესაძლებელი.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო 2018 წლის პირველი იანვრიდან გახდა. პროცესი ოთხ ეტაპად დაიყო.

პირველ ეტაპზე, 3 იანვრიდან სავალდებულო ინსპექტირება შეეხო სამგზავრო (8-ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილებს.

2018 წლის პირველი ივლისიდან ინსპექტირება სავალდებულოა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანებისთვის.

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ინსპექტირება სავალდებულო იქნება 3000 კუბური სანტიმეტრის ან მეტი მოცულობის ძრავას მქონე ავტომობილებისთვის, ხოლო 2018 წლის 1 იანვრიდან ტექნიკური შემოწმება ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის სავალდებულო იქნება.

სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს შეუძლიათ, აირჩიონ ინსპექტირების სასურველი ცენტრი შესაბამის ვებგვერდზე.

სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება არ შეეხება:

  • ტრანზიტული ნომრების მქონე და განუბაჟებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს;
  • O1, O2 (მისაბმელი 750 კგ-დან 3500 კგ-მდე) და მოტოციკლებს;
  • "ისტორიული ინტერესის" სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც დამზადებულია 1960 წლამდე, მოხსნილია წარმოებიდან და აღარ გამოდის; ისტორიულად დაცულია და შენარჩუნებული პირვანდელი მდგომარეობით;
  • ექსპლუატაციიდან ამოღებულ სატრანსპორტო საშუალებებს;
  • ისეთ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის მაქსიმალური სიჩქარე არ არის 25 კმ/სთ-ზე მეტი;
  • თუ ავტომობილი რამდენიმე თვის განმავლობაში ავტოსადგომზე დგას, მძღოლს შეუძლია, მას ტესტირება არ ჩაუტაროს, ხოლო თუ გადაწყვეტს გამოყენებას, ის სადგომიდან ტესტირების ცენტრში აუცილებლად ევაკუატორით უნდა გადაიყვანოს.

რაც შეეხება ცალკეული ავტომობილის ინსპექტირების კონკრეტულ თარიღს, ტექნიკური ინსპექტირების დაწყებიდან შემოწმების გავლის ბოლო ვადა არის ავტომობილის რეგისტრაციის თარიღი (მაგ. ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობაში თუ მითითებულია, მაგალითად, 20 დეკემბერი, ამ თარიღამდე მფლობელი არ დაჯარიმდება).

XS
SM
MD
LG