Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატი დაეთანხმა შეფასებას, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთი ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია


სენატორები მარკ უორნერი და რიჩარდ ბერი
სენატორები მარკ უორნერი და რიჩარდ ბერი

აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც მხარდაჭერილია სადაზვერვო სამსახურების დასკვნა იმის თაობაზე, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მიზანი იყო დონალდ ტრამპის კამპანიის მხარდაჭერა. კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარის, რიჩარდ ბერის განცხადებით, კომიტეტი 16 თვის განმავლობაში სწავლობდა დაზვერვის სამსახურების წყაროებს და მუშაობის მეთოდებს და არ გააჩნია დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი. სენატის კომიტეტის დემოკრატი წევრის, მარკ უორნერის თქმით, რუსეთის ფართომასშტანიანი ძალისხმევის მიზანი იყო დემოკრატიული პროცესისადმი საზოგადოების ნდობის შერყევა, პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, ჰილარი კლინტონისთვის ზიანის მიყენება და დონალდ ტრამპის დახმარება. სენატორები დაეთანხმნენ სადაზვერვო სამსახურების დასკვნას, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირადი განკარგულება იყო. სენატის დაზვერვის კომიტეტის შეფასება განსხვავდება კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის მიერ მარტში გამოქვეყნებული დასკვნისგან, რომლის თანახმად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი ჩაერია ქაოსის და საზოგადოებაში განხეთქილების გამოსაწვევად, თუმცა, მოსკოვის მიზანი არ ყოფილა ტრამპის მხარდაჭერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG