Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში დააკავეს ქართულ-სომხური კრიმინალური დაჯგუფების წევრები


ესპანეთში ჩატარდა სპეცოპერაცია „კუში 2,“ რომლის შედეგად დაკავებულია სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრი, მათ შორის 7 „კანონიერი ქურდი.“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ესპანეთის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩაატარა კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული ინტერპოლი და ევროპოლი.

მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, სპეციოპერაცია ერთდროულად ჩატარდა ესპანეთის რამდენიმე ქალაქში და მასში მონაწილეობდნენ 800-ზე მეტი ესპანელი სამართალდამცავი და საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

ჭელიძის თქმით, გამოვლინდა სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც ეროვნებით სომეხ „კანონიერ ქურდთან“ ერთად ხელმძღვანელობენ ძმები შუშანაშვილები. „სპეცოპერაციის შედეგად, მადრიდის, ბარსელონის, ვალენსიის, ალიკანტეს, ალბასეტეს, მურსიას, ჟირონისა და გრანადის პროვინციებში დააკავეს ესპანეთში მოქმედი სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრი, მათ შორის 7 „კანონიერი ქურდი.“ ისინი ძირითადად, სომხური წარმოშობის პირები არიან“ - განაცხადა მამუკა ჭელიძემ. მისივე ცნობით, ამავე სპეცოპერაციის შედეგად, მადრიდსა და ვალენსიაში დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე, ეროვნებით ქართველი - 1971 წელს დაბადებული პ.ჯ. და 1974 წელს დაბადებული მ.კ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ პ.ჯ. აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული დაჯგუფების კრიმინალურ საქმიანობაში. მას სახლში ძვირფასი ლითონების გადამამუშავებელი უკანონო საამქრო ჰქონდა მოწყობილი, სადაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ნაქურდალი ძვირფასეულობის გადადნობა, მისგან ოქროს ზოდებისა და ნაკეთობების დამზადება ხდებოდა. მ.კ. კი სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების მიერ უკანონო გზით მოპოვებულ ფინანსებს განკარგავდა.“

საქართველოს ორივე დაკავებული მოქალაქე ესპანეთის კანონმდებლობით გასამართლდება. მათ გამოძიება ედავება კრიმინალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და ფულის გათეთრებას.

სომხურ-ქართული დაჯგუფების წევრებს ბრალად ედება კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება, საცხოვრებელ სახლებში უკანონო შეღწევა, ავტომობილებით უკანონო ვაჭრობა, თამბაქოს კონტრაბანდა, იარაღის უკანონო ფლობა, დოკუმენტაციის გაყალბება, თაღლითობა, გამოძალვა და კორუფცია სპორტულ გარიგებებში.

საქართველოს შსს-ს განცხადებით, ამ კრიმინალური დაჯგუფების გამოსავლენად გამოძიება რამდენიმე ეტაპად, ორწელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. საწყის ეტაპზე, გასული წლის 28 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ქართული კრიმინალური დაჯგუფების 30-ზე მეტი წევრი, რომლებსაც „კანონიერი ქურდი“ კახა შუშანაშვილი ხელმძღვანელობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG