Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი: სარგსიანთა ოჯახი არ არის სომხეთის სამართალდამცავების სამიზნე


სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყნის სამართალდამცავების სამიზნე არ არის რომელიმე კონკრეტული ოჯახი - მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა რამდენიმე ფართოდ გახმაურებული ნაბიჯი გადადგეს ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ახლო ნათესავების წინააღმდეგ. ფაშინიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს 6 ივლისს უთხრა, რომ სარგსიანის ოჯახის წევრების წინააღმდეგ საქმეები აღძრულია სამართლებრივ საფუძველზე და მათ პოლიტიკური ბუნება არ აქვთ. "ჩვენ ვინმეს ოჯახს, ან კონკრეტულ პირს არ ვდევნით. ჩვენ ვმუშაობთ იმ ცნობების და ინფორმაციის თანახმად, რომელიც სამართალდამცველ უწყებებს აქვთ" - განაცხადა მან და დასძინა: "ქვეყანაში კანონი დაცული უნდა იყოს და სამართალდამცავები ეფექტიანად უნდა მუშაობდნენ. ამ ორი პრინციპის ფარგლებში რაც უნდა მოხდეს, ეს ჩვენს მიერ დაგეგმილი არ იქნება - ეს იქნება რეალობისგან გამომდინარე შედეგი". 8 მაისს პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ინტენსიურ ბრძოლას იწყებს კორუფციასთან. 5 ივლისს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა და ეროვნული უშიშროების სამსახურმა ორ სხვადასხვა განცხადებაში თქვეს, რომ არსებობს ეჭვი სარგსიანის ორი ძმისშვილის სხვადასხვა დანაშაულებთან კავშირის შესახებ. სამსახურები ორივე მათგანმა დატოვა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ჰაიკ სარგსიანი ეჭვმიტანილია 2007 წელს მომხდარ მკვლელობის მცდელობაში, რომლის გამოძიებაც ხელახლა დაიწყო, ნარეკ სარგსიანს კი პოლიცია ქურდობის და იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო ფლობის გამო ეძებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG