Accessibility links

მალხაზ მაჩალიკაშვილი საუბრობს მისი დაპატიმრების, ან ლიკვიდაციის სავარაუდო გეგმაზე


პანკისის ხეობაში 2017 წლის დეკემბრის ბოლოს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში საუბრობს მისი დაპატიმრების ან ლიკვიდაციის სავარაუდო გეგმაზე, რომელიც საბოლოო ანგარიშით არ განხორციელდა და რომლის მიღმა, მაჩალიკაშვილის ვარაუდით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იდგა. კერძოდ, მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა მისი შორეული ნაცნობი პირი, სახელად მუჰამედი, რომელმაც შესთავაზა შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრა კონსპირაციულ ბინაში - რაც, მაჩალიკაშვილის აზრით, სინამდვილეში მისი დაკავების ან მოკვლის გეგმას წარმოადგენდა. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ეს პირი, მუჰამედი, უწინ სავარაუდოდ სირიაში იბრძოდა და კავშირი ჰქონდა რამაზ მარგოშვილთან, რომელიც ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით პანკისში დააკავეს. ამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ გახარიასთან კონსპირაციული შეხვედრის გეგმაზე მოსალაპარაკებლად მუჰამედთან ერთად მას შეხვდა ბესლან ლორსანოვი, პირი, რომელიც, როგორც ინტერპოლით ძებნილი, შემდეგ დააპატიმრეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ერთობლივ საპროტესტო აქციაზე. მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისთვის შვილის სიკვდილზე უფრო მძიმეა თემირლანის ტერორიზმთან დაკავშირების მცდელობები. შვილის სიკვდილის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი იბრძვის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარების, გამოძიების დროულად დასრულების და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯისთვის.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG