Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკვლევის თანახმად, ბრიტანელი პოლიციელი არ არის "ნოვიჩოკით" მოწამლული


ბრიტანეთის ქალაქ სალისბერის საავადმყოფო აცხადებს, რომ პოლიციელს, რომელმაც კლინიკას მიაკითხა შეშფოთებით, რომ ის შესაძლოა ნერვული გაზით, "ნოვიჩოკით" ყოფილიყო მოწამლული, შეხება არ ჰქონია ამ ნივთიერებასთან. "სიხარულით ვადასტურებთ, რომ პოლიციელი, რომელმაც ამნესბერიში მიმდინარე ინციდენტთან კავშირით პრევენციულად მიაკითხა სალისბერის რაიონულ საავადმყოფოს, შემოწმდა და ის ჯანმრთელია" - ამ განცხადებას რაიონული პოლიცია ავრცელებს, საავადმყოფოს პრესმდივნის სიტყვებზე დაყრდნობით. პოლიციის თანახმად, საავადმყოფოს სხვა რამდენიმე ადამიანმაც მიაკითხა ანალოგიური შეშფოთებით, თუმცა მკურნალობა არც ერთს არ დასჭირდა. 7 ივლისს სალისბერის საავადმყოფოს პრესმდივანი აცხადებდა, რომ საავადმყოფოში დააწვინეს პოლიციელი, კავშირის გამო იმ ინციდენტთან, როცა, ოფიციალური პირების თქმით, ბრიტანელი წყვილი ნერვული გაზით, "ნოვიჩოკით" მოიწამლა. ოფიციალური პირების ცნობით, წყვილი მოწამლულია იმავე ნივთიერებით, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოიყენეს რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლისთვის. სკრიპალი და მისი ქალიშვილი მარტში ამნესბერიდან დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით, სალისბერიში იპოვეს უგონო მდგომარეობაში. სიკვდილს ორივე გადაურჩა და მათი სიცოცხლისთვის მწვავე ბრძოლის შემდეგ ისინი საავადმყოფოდან გაწერეს. ბრიტანეთი მოწამვლაში ბრალს რუსეთს სდებს, კრემლი ამ ბრალდებას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG