Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობიდან გადადგა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი


თანამდებობიდან გადადგა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი, იმ უთანხმოების გამო, რომელსაც იწვევს პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის გეგმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ. რამდენიმე დღის წინ მინისტრთა კაბინეტი ასევე დატოვა ბრექსიტის მინისტრმა, დევიდ დევისმა. ამ ორი მინისტრის წასვლა მეის პოლიტიკურ დარტყმას აყენებს და მას წარმოაჩენს იმ მთავრობის ლიდერად, რომელიც უუნაროა გაერთიანდეს ბრიტანეთისთვის უმნიშვნელოვანესი საგარეო და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. გაურკვეველია მეი ამ სირთულეებთან გამკლავებას შეეცდება და კვლავაც უერთგულებს "ბიზნესისთვის ხელსაყრელ" ბრექსიტის გეგმას, თუ მას კიდევ უფრო მეტი მინისტრის წასვლა და გადადგომის მოწოდებები ელის წინ. "დღეს, შუადღისას პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა ბორის ჯონსონის გადადგომას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან. მისი შემცვლელი მალე დასახელდება. პრემიერი ბორისს მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსთვის" - წერია ტერეზა მეის ოფისის მიერ იმეილით გავრცელებულ განცხადებაში. პარასკევს გავრცელდა ცნობა, რომ მეიმ შეძლო წამყვანი მინისტრების თანხმობის მოპოვება მის გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირთან ახლო სავაჭრო კავშირების შენარჩუნებას. ეს გეგმა ბევრი ევროსკეპტიკოსის სიბრაზეს იწვევს - ისინი აცხადებენ, რომ მეის სტრატეგია არღვევს მის დაპირებას, რომ ევროკავშირისგან სრულად მოხდებოდა გამოყოფა.

XS
SM
MD
LG