Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სმითების მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


მცხეთის სასამართლო
მცხეთის სასამართლო

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა სმითების ოჯახის წევრთა მკვლელობაში ბრლდებულ მალხაზ კობაურს. მისთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა. დაცვის მხარის პოზიცია იყო, რომ კობაური უნდა გათავისუფლებულიყო, რადგან ბრალდება აგებულია ერთ ჩვენებაზე, რომელიც კობაურს გაურკვეველ ვითარებაში აქვს მიცემული და საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს და ვერ ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას.

მალხაზ კობაურმა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მკვლელობა ჩაიდინა არა მან, არამედ "უცხო ორმა მამაკაცმა," რომლებიც ოჯახის ამოხოცვით დაემუქრნენ. პროკურორების მტკიცებით, ბრალდებული ჯერ პოლიციისთვის კვალის არევას ცდილობდა, შემდეგ თავად უჩვენა სად იყო დამალული მოკლული ბავშვის ცხედარი და დანაშაულის იარაღი, დღეს კი პოზიცია შეცვალა და ბრალს არ აღიარებს. პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მალხაზ კობაურმა რაიან სმითის მკვლელობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სმითმა იარაღის დაუდევრად გამოყენების გამო შენიშვნა მისცა. პროკურორის ინფორმაციით, კობაურმა ჯერ რაიან სმითი მოკლა, შემდეგ მის ცოლს დაედევნა მოსაკლავად, ბოლოს კი თავის არეში ესროლა მათ მცირეწლოვან შვილს. ხადის ხეობაში გასულ კვირაში გაუჩინარებული სმითების ოჯახის სამი წევრის ცხედრები 6, 7 და 8 ივლისს აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, მამა და 4 წლის შვილი მოკლულია, დედა კი გაქცევისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

ამერიკელმა რაიან და ლორა სმითებმა, რომლებიც საქართველოში 6 წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ, საქართველოში ორმაგი მოქალაქის სტატუსი 2012 წელს მიიღეს. ისინი ცხოვრობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც ხელით ნაქსოვი ხალიჩების ბიზნესი ჰქონდათ და სოციალურ პროექტებს ახორციელებდნენ.

XS
SM
MD
LG