Accessibility links

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუაცია აგვისტოს ომის შესახებ


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ბერლინში, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ.“ რეზოლუციის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს საქართველოს ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანის და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ. ასამბლეა გმობს საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს და რუსეთისგან მოითხოვს არ შეაფერხოს საგამოძიებო პროცედურები და ხელი შეუწყოს სამართლის აღსრულებას. რეზოლუციაში საუბარია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმების შექმნის და დევნილთა დაბრუნების აუცილებლობაზე. საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ეუთოს, გააძლიეროს ძალისხმევა ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის სრულად აღდგენისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასამბლეა მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ,“ რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და საოკუპაციო ხაზით დაშორიშორებული საზოგადოების დაახლოებისკენ.

„მიუხედავად, ყველა ეტაპზე, რუსეთის მხრიდან დიდი წინააღმდეგობებისა, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო ჩვენს მიერ ინიცირებული რეზოლუცია“ - განაცხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ. მან მადლობა გადაუხადა რეზოლუციის თანაინიციატორებს - ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, გერმანიის, ნორვეგიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ლატვიის, ლიეტუვის და რუმინეთის დელეგაციებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG