Accessibility links

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე დაამტკიცა


შალვა თადუმაძე

საპროკურორო საბჭოს 15-დან 12-მა წევრმა მხარი დაუჭირა მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძის დამტკიცებას. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, შალვა თადუმაძეს სულ მცირე 10 ხმა სჭირდებოდა. ვერცერთი ხმა ვერ მიიღო ნინო გოგნიაშვილმა, შალვა შავგულიძემ კი კანდიდატურა გასაუბრების დაწყებამდე მოხსნა. თადუმაძე და გოგნიაშვილი საპროკურორო საბჭოს წარუდგინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, შავგულიძე კი პარტიამ "ევროპული საქართველო." საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეა იუსტიციის მინისტრი, ხოლო წევრები არიან პროკურატურის, სასამართლოს, პარლამენტის, საადვოკატო წრეების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა საბჭოს წევრმა საპარლამენტო ოპოზიციიდან ოთარ კახიძემ.

საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი მთავარ პროკურორს ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG