Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველოს" წევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ჩართულია "ქართული ოცნების" თამაშში


პეტრე ზამბახიძე
პეტრე ზამბახიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი პეტრე ზამბახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვერ მიიღებს „ღირსეულ და სწორ გადაწყვეტილებას“ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვერ შეარჩევს კანდიდატს, რომელიც სჭირდება მოსახლეობას, დაასაქმებს ხალხს და მოაგვარებს სოციალურ პრობლემებს. „სამწუხაროდ, ის ჩართულია „ქართული ოცნების“ თამაშში“ - განუცხადა ჟურნალისტებს პეტრე ზამბახიძემ. შეკითხვას, ჰყავს თუ არა „ევროპულ საქართველოს" კანდიდატი, ზამბახიძემ უპასუხა, რომ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი თავადაა პასუხისმგებელი კანდიდატურის წარმოდგენაზე უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ. „ამ პროცესში მე ვიქნები პრინციპული და ვისაუბრებ მხოლოდ კრიტერიუმებზე და პრინციპებზე, რასაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება „ოცნების“ კლანებს შორის გადანაწილებული თანამდებობები და მეტი არაფერი“ - განაცხადა პეტრე ზამბახიძემ. მისივე თქმით, „კანდიდატი უნდა იყოს გამოცდილი, პროფესიონალი და რეგიონისთვის რაღაც უნდა ჰქონდეს გაკეთებული.“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან აწარმოებს კონსულტაციებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარსადგენად. ჯერჯერობით დასახელებულია ერთადერთი - „ქართული ოცნების“ კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე. 29 წლის რიჟვაძე „ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ ხელმძღვანელობს, მანამდე კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ 14 დეპუტატი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 4 და თითო-თითო „ევროპულ საქართველოს,“ „პატრიოტთა ალიანსს“ და „დემოკრატიულ მოძრაობას.“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 4 ივლისს დატოვა ზურაბ პატარაძემ.

XS
SM
MD
LG