Accessibility links

ახალი ამბები

პაკისტანში ათზე მეტი პირი ემსხვერპლა არჩევნებთან დაკავშირებულ თავდასხმებს

პაკისტანში ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დეპუტატობის კანდიდატის ჩათვლით ბევრი დაიჭრა ორი თავდასხმის შედეგად, რომლებიც 25 ივლისის არჩევნებს უკავშირდება. პოლიციის განცხადებით, სამხრეთდასავლეთის ქალაქ ყეთაში თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა კამპანიის მანქანების კოლონასთან, რასაც 10 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, დაიჭრა 30-ზე მეტი, დეპუტატობის კანდიდატის, სირაი რაისანის ჩათვლით. პოლიცია იუწყება, რომ რაისანი, რომელიც ბალოჩისტან ავამის პარტიის წევრია, საავადმყოფოშია გადაყვანილი. 13 ივლისს უფრო ადრე სულ მცირე ოთხი ადამიანი დაღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა აფეთქების შედეგად, რომლის სამიზნეც სხვა კანდიდატი იყო. პოლიცია ამბობს, რომ თავდასხმა იყო საცხოვრისის და შრომის ყოფილი მინისტრის, აკრამ ხან დურანის მანქანების კოლონაზე. დურანი უვნებლად გადაურჩა აფეთქებას.

ყველა ახალი ამბავი

ყირიმის სკოლებიდან ამოიღებენ სახელმძღვანელოს, რომელიც ყირიმელი თათრების პროტესტს იწვევს

უკრაინა, ქალაქი ქერჩი: ყირიმელი თათრების დეპორტაციის მსხვერპლთა მემორიალი

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სკოლებიდან ამოიღებენ ყირიმის ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სახელმწიფო სათათბიროს ყირიმელი წევრის, რუსლან ბალბეკის განცხადებაზე დაყრდნობით.

მანამდე ყირიმელ თათართა საბჭომ მიმართა ნახევარკუნძულის დე ფაქტო ხელისუფლებას სკოლებიდან სახელმძღვანელოს ამოღების თხოვნით.

საბჭოში უკმაყოფილებას იწვევს ის, თუ როგორ არის ასახული მეორე მსოფლიო ომში ყირიმელი თათრების მონაწილეობა და მათი დეპორტაცია 1944 წელს. მიმართვაში ნათქვამია, რომ სახელმძღვანელოში დეპორტაცია წარმოდგენილია, როგორც ისტორიულად გამართლებული ფაქტი. ამ გარემოებაში ისინი ხედავენ სიძულვილის გაღვივებისა და ადამიანის ღირსების დამცირების ნიშნებს.

მანამდე სახელმძღვანელო გააკრიტიკა რუსლან ბალბეკმაც. მისი თქმით, ყირიმის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში ომის შესახებ მოყვანილია „საეჭვო მონათხრობი ოკუპანტებისადმი ყირიმელი თათრების, თითქოსდა, მასობრივი მხარდაჭერის შესახებ“.

1944 წლის 18 მაისს ნახევარკუნძულიდან შუა აზიაში გააგზავნეს ყირიმელი თათრების პირველი ეშელონი. სულ სამ დღეში ყირიმიდან გადაასახლეს 180 ათასზე მეტი ადამიანი. მათგან 30 ათასზე მეტის სიცოცხლე დეპორტაციის პირველ წელს შეიწირა შიმშილობამ და სიცივემ. მოგვიანებით საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი რუსეთისა და უკრაინის მთავრობებმაც აღიარეს დეპორტაციის უკანონობა.

2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ყირიმელ თათრებს აუკრძალა მასობრივი დეპორტაციის დღის აღნიშვნა.

ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს რუსეთის ინტერესების გატარებაში

ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ფადი ასლის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს სურს „თიბისი ბანკს“ და ანაკლიის პორტს დაეუფლოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის თავიდან მოშორებით.

ფადი ასლის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის საბოლოო მიზანია დაეხმაროს სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ კომპანიებს ამ სანქციებისთვის გვერდის ავლა შეძლონ „თიბისი ბანკის“ და საქართველოში დაფუძნებული ყალბი კომპანიების საშუალებით.

ასლის განცხადებითვე, თუ ხაზარაძის და ჯაფარიძის მოშორების მცდელობა წარმატებული იქნება, შემდეგ ეტაპზე მოსალოდნელია „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტის შეცვლა ისეთი მმართველობით, რომელიც ივანიშვილის ბრძანებებს შეასრულებს.

„ეს საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს მოაქცევს დაკვირვების ქვეშ უცხოეთიდან და საქართველოს თავისი რეპუტაციის ფასად დაუჯდება. ეს ძალიან სახიფათო თამაშია“ - განაცხადა ფადი ასლიმ.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ასლის ინფორმაციით, პირველი სცენარი მოიცავს პორტის სრულად შეჩერებას, რადგან ეს პროექტი რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ხოლო მეორე სცენარით, ივანიშვილი შეეცდება ჯაფარიძისა და ხაზარაძის რეპუტაციის შელახვით და ფულის გათეთრების მძიმე ბრალდებების წაყენებით დააშინოს ანაკლიის პორტის პოტენციური პარტნიორები.

ფადი ასლის განცხადებითვე, ბიძინა ივანიშვილი თავისი ინტერესებისთვის იყენებს საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომლის გადაწყვეტილებები „თიბისი ბანკის“ მიმართ უკანონოა. ფადი ასლი თავის წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ზეწოლის ქვეშაა.

14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა და ბანკის აქციონერთა კრებას მისცა 2 თვიანი ვადა სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისათვის.

ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. ამ ტრანზაქციებს ამჟამად პროკურატურა იძიებს.

„თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სასამართლოში 15 თებერვალს გაასაჩივრა.

ICC: თუ კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ვერ დაიცავს, უნდა გადადგეს

"თიბისი ბანკი"

საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობამ (ICC Georgia) დაგმო “თიბისი ბანკსა” და მის დამფუძნებლებზე თავდასხმა.

ორგანიზაციის შეფასებით, თავდასხმა ხორციელდება მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურის, მათ შორის პროკურატურის, შემოსავლების სამსახურის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ეროვნული ბანკის მეშვეობით.

ICC Georgia მიიჩნევს, რომ მიზანმიმართული თავდასხმები დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც მან საჯაროდ გააკრიტიკა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, და უკავშირდება ივანიშვილის პირად დღის წესრიგს ბანკის და ანაკლიის პორტის მიმართ.

ორგანიზაციის შეფასებითვე, „თიბისი ბანკზე“ მიზანმიმართულმა თავდასხმებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს და მისი ფინანსური სექტორის სანდოობას, სასამართლოსა და პროკურატურის საქმიანობაში წლების განმავლობაში მთავრობის ქრონიკულმა ჩარევამ ამ ინსტიტუტების დისკრედიტაცია გამოიწვია, „თიბისი ბანკის“ გამო ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების იგივე ზეწოლა და ჩარევა კი გამოიწვევს ეროვნული ბანკის დისკრედიტაციასაც.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობა მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს „თიბისი ბანკსა“ და მის დამფუძნებლებზე თავდასხმები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მიმართავს, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების ზეწოლას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გვენეტაძეს მოუწოდებენ, გადადგომისკენ, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ღირსება და რეპუტაცია.

საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი კვლავ რუსეთიდან შემოდის

ეროვნული ბანკის მონაცემებით 2019 წლის იანვარში საქართველოში ჯამში 115 მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რომელთაგან პროცენტულად ყველაზე დიდ წილს რუსეთიდან შემოსული ფული იკავებს 27,6 მილიონი დოლარის ოდენობის გადმორიცხვებით.

რუსეთის შემდეგ მოდიან იტალია, საბერძნეთი, ამერიკა და თურქეთი. რუსეთიდან შემოსული თანხა სტაბილურად მეტია ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკიდან მიღებულ ფულად გზავნილებთან შედარებით, როგორც გასული წლის ცალკეულ თვეებში, ასევე წლიური მაჩვენებლებით.

გასული წლების მონაცემებს თუ გადავავლებთ თვალს, ფულადი გზავნილები რუსეთიდან წლიდან წლამდე იზრდება.

2016 წელს რუსეთიდან შემოსულმა თანხამ 394 მილიონი დოლარი შეადგინა, 2017 წელს 455 მილიონი, 2018 წელს კი 457 მილიონი. ამ მონაცემებით რუსეთიდან წელიწადში საშუალოდ 435 მილიონი ლარი შემოდის, მაშინ როცა ევროპიდან გადმორიცხული თანხების ოდენობა წელიწადში 403 მილიონი დოლარია, ამერიკიდან კი 143 მილიონი.

კათოლიკოს-პატრიარქს თხოვენ შუამდგომლობას დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაწყალებლად

დეკანოზი გიორგი მამალაძე

საინიციატივო ჯგუფი „დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს თხოვს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შუამდგომლობას, რათა მან დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს.

საინიციატივო ჯგუფი გიორგი მამალაძის ადვოკატებმა და მეგობრებმა შექმნეს. მათი განცხადებით, დეკანოზის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოების შფოთვის საფუძველი გახდა, ოჯახის მხრიდან გამოხატული პროტესტი მწვავდება და ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, როცა მსჯავრდებული დეკანოზი მძიმე კლინიკური დიაგნოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა.

საინიციატოვო ჯგუფი მიიჩნევს, რომ საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს, მას განსაკუთრებული სამედიცინო მზრუნველობა სჭირდება და ასეთ პირობებში საპყრობილეში მისი დაბრუნება ფიზიკურ სიკვდილს უდრის.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს=პატრიარქის მდივან-რეფერნტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით. სასულიერო პირი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

15 თებერვალს, გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს თავის ტვინის იშემიური შეტევის დიაგნოზით.

სმითების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა სრულდება

აშშ-ის და საქართველოს მოქალაქეების, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე 14-დან 12 ნაფიცი მსაჯული უკვე შერჩეულია - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

კობაიძის ინფორმაციით, შეირჩევა კიდევ სამი, რადგან უკვე შერჩეულთაგან ერთს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამიტომ დაცვის მხარეს სურს თავი დაიზღვიოს. ადვოკატის თქმით, ნაფიცი მსაჯულები საქმის განხილვას მარტში დაიწყებენ.

ალექსანდრე კობაიძე ვარაუდობს, რომ სასამართლო პროცესზე მსჯელობა იქნება, თუ რატომ არ შეატყობინა მალხაზ კობაურმა პოლიციას მომხდარი დანაშაული, თუმცა, მისივე თქმით, დაცვის მხარის მთავარი მიზანია კობაური გამართლდეს გაუპატიურების და მკვლელობის ბრალდებებში.

ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დასწრება სურთ აშშ-ის საკონსულოს წარმომადგენლებს. ალექსანდრე კობაიძე სავარაუდოდ, აპრილში გაემგზავრება აშშ-ში, სადაც სმითების ოჯახის წევრებს შეხვდება.

რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის ცხედრები ხადის ხეობაში 2018 წლის ივლისში აღმოაჩინეს. პოლიციამ მალევე დააკავა 19 წლის მალხაზ კობაური, რომელსაც ბრალად ედება მკვლელობა და ლორა სმითის გაუპატიურება. კობაური დანაშაულს არ აღიარებს და ირწმუნება, რომ სმითები სხვებმა მოკლეს.

მაშველებმა მარნეულის გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლიკვიდირებულია მარნეულში, გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძარი. ცეცხლი სატვირთო ავტომანქანას გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, არსებობდა აფეთქების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროული რეაგირების შედეგად ხანძარი სწრაფად ჩააქრეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სარაევოში დასრულდა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

ქართველმა სპორტსმენებმა უმედლოდ ჩაამთავრეს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გამოსვლა. სარაევოში გამართულ ფესტივალში, ოლიმპიურ კონკურენციაში სულ ევროპის 46 ქვეყნის 14-დან 18 წლამდე ასაკის 911 სპორტსმენი ჩაება. საქართველოს წარმოადგენდნენ სამთო მოთხილამურეები ნოდარ კოზანაშვილი, გიორგი აბრამაშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, ნინო კურტანიძე და მაგატა ჯაფარიძე და ფიგურულად მოციგურავე ალინა ურუშაძე.

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ურუშაძემ აჩვენა - მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში მეექვსე ადგილი დაიკავა.

ოლიმპიურ ფესტივალზე მედლები 21-მა ქვეყანამ მოიპოვა. საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე ნორვეგია გავიდა 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით. მეორე და მესამე ადგილები კი შვეიცარიამ (5-5-2) და საფრანგეთმა (4-3-4) დაიკავეს.

ზამთრის შემდეგი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2021 წელს გაიმართება, ფინეთის ქალაქ ვუოკატში.

მოქალაქეები პეტიციაზე ხელმოწერით მოითხოვენ ქართული მართლმსაჯულების გადარჩენას

საქართველოში გრძელდება ხელმოწერები ელექტრონულ პეტიციაზე „მართლმსაჯულების გადასარჩენად,“ რომლის ადრესატები არიან პარლამენტი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

პეტიციის ხელმომწერებს ოთხი მოთხოვნა აქვთ:

დატოვონ თანამდებობები უსამართლობის სიმბოლოდ ქცეულმა მოსამართლეებმა მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომელთაც მხარი დაუჭირეს კლანური პრინციპით გადაწყვეტილებების მიღებას და კლანის წევრებმა სხვა მოსამართლეებს მისცენ უფლებამოსილების ღირსეულად შესრულების შესაძლებლობა;

​ხელისუფლებამ შეწყვიტოს მოსამართლეთა გაბატონებული კლანის მხარდაჭერა;

შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები, ვიდრე ძირეული რეფორმების შედეგად სასამართლო გათავისუფლდება კლანური მმართველობისგან;

​საზოგადოებრივი ჯგუფების ფართო ჩართულობით დაუყოვნებლივ დაიწყოს სასამართლო სისტემის სიღრმისეული რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მკაფიო მიზანიც სასამართლოს კლანური მმართველობისგან გათავისუფლება იქნება;

პეტიცია 15 თებერვალს გამოქვეყნდა ვებსაიტზე manifest.ge. 18 თებერვლის დილის 10 საათისთვის ხელმომწერთა რაოდენობა 492-ია.

პეტიციის ავტორია ოცამდე არასათავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოების ცხრა წარმომადგენელი.

დეპუტატთა ჯგუფი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების დაჩქარებულად განხილვას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი ითხოვს დაჩქარებული წესით იყოს განხილული ინიციატივა, რომლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის ბოლომდე უნდა შეაჩეროს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა.

საერთო სასამართლოების კანონში შესაბამისი ცვლილების დაჩქარებულად განხილვის ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დადგება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას და უმრავლესობის კიდევ რამდენიმე წევრის ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ პოზიციას იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს წარადგენს საპარლამენტო უმცირესობა. მისი დეპუტატები მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების გარდა მოითხოვენ, რომ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს აღარ ჰქონდეთ პარლამენტისთვის მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც იქნებიან არასამთავრობო სექტორის და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები და სახალხო დამცველი და მოსამართლეთა შერჩევა მოხდეს პოლიტიკური კონსენსუსით.

გასულ კვირაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით უვადოდ დანიშნა კიდევ 8 მოსამართლე.

რაიონულ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, სადაც სულ 280-მდე მოსამართლეა, ნახევარზე მეტი უვადოდ უკვე გამწესებულია. ეს პროცესი 2016 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარიზში შეხვდება საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს, ჟერარ ლარშეს.

დღის მეორე ნახევარში სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში წაიკითხავს საჯარო ლექციას, „საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში.“

ხვალ პარიზში გაიმართება საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი და ემანუელ მაკრონი ხელს მოაწერენ დეკლარაციას “დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დეკლარაციის საფუძველზე ქვეყნებს შორის დიალოგს ინსტიტუციური ხასიათი მიეცემა და თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავა.

საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი 17 თებერვალს დაიწყო. ვიზიტის პირველ დღეს სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ქართულ ტაძარში წირვას დაესწრო და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და სტუდენტებს შეხვდა.

ევროპარლამენტის წევრები ვენესუელაში არ შეუშვეს

ნიკოლას მადურო. ხუან გუაიდო

ნიკოლას მადუროს მთავრობამ ვენესუელაში არ შეუშვა ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი.

ევროპარლამენტარები „ევროპის სახალხო პარტიიდან“ ვენესუელის დროებით პრეზიდენტთან, ხუან გუაიდოსთან შეხვედრას გეგმავდნენ. ევროპარალმენტის წევრის ესტებან გონსალეს პონსის ინფორმაციით, ვენესუელაში არშეშვების მიზეზი არ განუმარტეს.

ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორხე არეასმა ტვიტერზე დაწერა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებსაც შეთქმულების მოტივი ამოძრავებთ, დიპლომატიური არხებით წინასწარ გააფრთხილეს, თავი შეეკავებინათ ვენესუელაში ჩასვლისა და პროვოკაციისგან.

ვენესუელაში ამჟამად ორხელისუფლებიანობაა. 2018 წლის მაისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალური მონაცემებით, ხმების 70%-ით გაიმარჯვა ნიკოლას მადურომ, რომელსაც ოპოზიცია ადანაშაულებს არჩევნების გაყალბებაში, დიქტატურასა და ეკონომიკის დანგრევაში. მადუროს ინაუგურაცია 2019 წლის 10 იანვარს გაიმართა.

22 იანვარს ვენესუელაში დაიწყო მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები. ვენესუელის პარლამენტის, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ თავი გამოაცხადა დროებით პრეზიდენტად. გუაიდო აღიარეს, აშშ-მა, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, კანადამ, საქართველომ, ავსტრალიამ და სხვა ქვეყნებმა.

სოლსბერის ტაძართან დაუდგენელმა პირებმა დაკიდეს რუსეთის დიდი დროშა

ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, სადაც შარშან მარტში მოწამლეს რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, 16-17 იანვრის ღამეს დაკიდეს რუსეთის დიდი დროშა.

ის ფრიალებდა მთავარ ღირშესანიშნაობასთან, სოლსბერის ტაძართან აღმართულ ხარაჩოზე. ცნობების თანახმად, დროშა მალე ჩამოხსნეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ტაძრის ფონზე მოფრიალე რუსული დროშის სურათები, რასაც ბევრი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა. „როგორ ბედავს ვიღაც იდიოტი, ასე დაამციროს ჩვენი ქალაქი მას შემდეგ, რაც მან გადაიტანა“, წერს ტვიტერში ქალაქის ერთ-ერთი მკვიდრი.

ნათელი არ არის, ვინ დაკიდა დროშა.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთი ნივთიერება „ნოვიჩოკით“ სკრიპალების მოწამვლასთან კავშირში. ასახელებენ რამდენიმე ეჭვმიტანილს - სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებს.

მათგან ორი, რუსლან ბოშიროვისა და ალექსანდრ პეტროვის სახელებზე გაცემული პასპორტებით ბრიტანეთში ყოფნის შემდეგ, რუსეთის ტელევიზიაში ინტერვიუს დროს ირწმუნებოდა, რომ სოლსბერიში ჩავიდა, როგორც ტურისტი, ადგილობრივი ტაძრის „ცნობილი შპილის“ სანახავად.

მამუკა ბახტაძე: ძალიან ძლიერი გზავნილები მივიღეთ ჩვენი მეგობრებისაგან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე (მარცხნივ) მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისას, 15 თებერვალს შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წარმატებულად მიიჩნევს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში ქვეყნის დელეგაციის მონაწილეობას.

„ძალიან გვიხარია, რომ ძალიან ძლიერი გზავნილები მივიღეთ ჩვენი მეგობრებისაგან“, აღნიშნა მან 17 იანვარს მიუნხენში, სადაც კონფერენციის დასრულების შემდეგ ესაუბრა რადიო თავისუფლების სპეციალურ კორესპონდენტს.

შეკითხვას, რა კონკრეტული გზავნილები მიიღო საქართველომ აშშ-გან, რომლის ვიცე-პრეზიდენტსაც მამუკა ბახტაძე მიუნხენში შეხვდა, მოჰყვა ბახტაძის პასუხი, რომ საქართველოს იდენტიფიცირებული აქვს ორი ძირითადი მიმართულება აშშ-თან ურთიერთობის განსავითარებლად: პირველია უსაფრთხოება და ამ სფეროში მხარეები გადადიან გრძელვადიან თანამშრომლობაზე. და მეორეა ეკონომიკური მიმართულება.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შავი ზღვის რეგიონი იყო მიუნხენის კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა, ხოლო საქართველოს გზავნილია ის, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცის მდგრადი უსაფრთხოების გარანტირება შეუძლებელია. „რუსეთის აგრესიამ საქართველოში და შემდეგ უკრაინაში ამის სამწუხარო მაგალითი აჩვენა ყველას“, აღნიშნა პერმიერ-მინისტრმა.

უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელში მონაწილეობისას, მამუკა ბახტაძემ გამოთქვა რწმენა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა.

მიუნხენში დღეს დასრულდა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი რიგით 55-ე კონფერენცია სახელმწიფოსა და მთავრობის ლიდერების, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების, მრავალრიცხოვანი ექსპერტების მონაწილეობით.

რადიო თავისუფლება 18 თებერვლიდან შემოგთავაზებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას.

კოსოვომ სამხედრო აღლუმით აღნიშნა დამოუკიდებლობის გამოცხადების მე-11 წლისთავი

კოსოვომ სერბეთისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადების მე-11 წლისთავი აღნიშნა აღლუმით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უსაფრთხოების ძალების წევრებმა.

იანვარში პარლამენტმა მხარი დაუჭირა კოსოვოს უსაფრთხოების ძალების უფლებამოსილების გაფართოებას და მის საფუძველზე ეროვნული არმიის შექმნას.

პრიშტინის ცენტრში, რომელიც მორთული იყო ეროვნული, ალბანური და ამერიკული დროშებით, ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს აღლუმს.

კოსოვომ 2008 წლის თებერვალში გამოაცხადა სერბეთისაგან დამოუკიდებლობა, რომელსაც უკვე 110-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს. მათ შორის არ არიან სერბეთი და რუსეთი.

ბორჯღალოსნებმა თბილისში ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურშიც დამაჯერებლად მოიგო და ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. მილტონ ჰეიგის გაწვრთნილმა გუნდმა ავჭალის სტადიონზე ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა და 12-ქულიანი უპირატესობით აჯობა - 24:10.

მომდევნო შეხვედრას ბორჯღალოსნები 2 მარტს გამართავენ, ბრიუსელში, ბელგიის ნაკრებთან.

აშშ-მა კვლავ გააგზავნა კოლუმბიაში ჰუმანიტარული დახმარება მეზობელი ვენესუელისათვის

აშშ-მა ისევ გააგზავნა კოლუმბიაში თვითმფრინავი ჰუმანიტარული ტვირთით, რომელიც მეზობელი ვენესუელისათვის არის განკუთვნილი.

იუწყებიან, რომ სამხედრო თვითმფრინავმა საკვები და მედიკამენტები ჩაიტანა ქალაქ კუკუტაში, ვენესუელის საზღვრის მახლობლად. ბოლო პერიოდში ეს არის აშშ-ის თვითმფრინავების მეორე ჰუმანიტარული რეისი ვენესუელისათვის.

მაგრამ ნათელი არ არის, მოხვდება თუ არა ტვირთი ამ ქვეყანაში, რადგან პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომლის ლეგიტიმურობასაც შეერთებული შტატები აღარ ცნობს, უარს ამბობს ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე.

ოპოზიციის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდო, რომელსაც აშშ და ბევრი სხვა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, კანონიერ პრეზიდენტად მიიჩნევენ, აცხადებს, რომ სურს მიაღწიოს ჰუმანიტარული ტვირთის ქვეყანაში შეტანას.

კოლუმბიაში გუაიდოს წარმომადგენელმა ლესტერ ტოლედომ განაცხადა, რომ ოპოზიციის მომხრეები საზღვარზე შეიკრიბებიან, რათა სამხედროები დაარწმუნონ, გახსნას საზღვარი და დაუშვას ვენესუელაში დახმარების შეტანა.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანში აშშ კიდევ სამი თვითმფრინავით გააგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას ვენესუელისათვის.

"არა მაჭახელა ჰესს" - საპროტესტო აქცია გონიოში

გონიოში მცხოვრები მაჭახელელები უერთდებიან ხეობის სოფლების მოსახლეობის პროტესტს, რომლებიც მდინარე მაჭახელაზე ჰესის მშენებლობას არ ეთანხმებიან. მათ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს გონიოში და შეუერთდნენ სახალხო მოძრაობას "სიტყვის კაცები" რაც იმას ნიშნავს რომ მაჭახელის ხეობაში ადგილობრივები არ მიჰყიდიან მიწებს ჰესის მშენებელ კომპანიას და შეუერთდებიან საპროტესტო მოძრაობას "არა ჰესებს". აქციის მონაწილეებმა ხელმოწერებით დაადასტურეს მოთხოვნები. მაჭახელელები მოითხოვენ გაუქმდეს კომპანია "სილქ როუდ ენერჯისსა" და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმი. რომელიც მდინარე მაჭახელის ხეობის შესწავლის შემდეგ ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს. "ჩვენ ეკოტურიზმს ვანვითარებთ ხეობაში. მომზადდა კანონპროექტი მაჭახელას ხეობის დაცული ლანდშაფტად გამოცხადების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი. ჰესის იდეა კი ამ განზრახვას ეწინააღმდეგება. ჩვენთან ტურიზმია ძალიან განვითარებული და მივესალმებით ინვესტორებს მხოლოდ ​ეკოსოფლის იდეით. სხვა განზრახვა კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენს მდინარე მაჭახელას გვირაბში არავის დავამარცმხინებთ" -გვითხრა ლეილა კახიძემ. თავის მხრივ კომპანია "სილქ როუდ ენერჯიში" ირწმუნებიან, რომ ჰესს მინიმალური ზემოქმედება ექნება გარემოზე. კომპანიას გარემოს შესწავლა ამ დროისთვის შეჩერებული აქვს, რადგან ხეობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ კომპანიის თანამშრომლებს მუშაობის საშუალება არ მისცა.

საფრანგეთში გაიმართა „ყვითელი ჟილეტების“ მორიგი აქციები

პარიზი, "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქცია 2019 წლის 5 იანვარს

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობამ მეთოთხმეტედ გამართა „საპროტესტო შაბათი“. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებში მონაწილეობდა 41 500-მდე ადამიანი, მათგან 4000 პარიზში.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, კვლავ მოხდა შეტაკებები პოლიციელებთან, რომლებმაც რამდენიმე ქალაქში გამოიყენეს საშუალებები დემონსტრანტების დასაშლელად.

ბოლო ხანს მოძრაობა შესუსტებულია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, ფრანგების უმრავლესობა საპროტესტო აქციების შეწყვეტას ემხრობა.

გასულ კვირაში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა გამოაცხადა, რომ სამი თვის წინ აქციების დაწყების შემდეგ სამართალდამცველებმა დააკავეს 8400 ადამიანი, დემონსტრანტებთან დაპირისპირებისას დაშავდა 1300 პოლიციელი.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში იმყოფება

სალომე ზურაბიშვილი პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამდღიანი ვიზიტით იმყოფება საფრანგეთში, სადაც ის უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან.

ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას "ფრანგულ-ქართული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის" დაფუძნების შესახებ, რომლის საფუძველზეც ქვეყნებს შორის დიალოგს ინსტიტუციური ხასიათი მიეცემა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური საიტის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი 17 თებერვალს შვილებთან ერთად, დაესწრო წირვას პარიზში, წმინდა ნინოს სახელობის იმ ეკლესიაში, რომელიც მისი მამის, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით მოეწყო.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ასევე იუნესკოში, ეწვევა პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას, ლევილის შატოს, პარიზში შეხვდება ქართველ სტუდენტებს და დიასპორის წარმომადგენლებს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში დიასპორის ჩართულობის საჭიროებასა და მექანიზმებზე ისაუბრებს.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული საფრანგეთის რესპუბლიკაში თეონა გიუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ნათია სულავა.

ჯო ბაიდენი ხედავს უცხოეთიდან, განსაკუთრებით რუსეთიდან, არჩევნებში ჩარევის საფრთხეს

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხედავს უცხო ქვეყნებიდან, განსაკუთრებით რუსეთიდან, მოახლოებულ არჩევნებში ჩარევის საფრთხეს.

ბაიდენმა 16 თებერვალს, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მსვლელობაში ისაუბრა მოსკოვიდან „კიბერთავდასხმების, შავი ფულით გავლენის ოპერაციებისა და დეზინფორმაციის“ საფრთხეზე და ასეთივე საფრთხეზე ზოგი სხვა ქვეყნიდან, საიდანაც ხელს უწყობენ დასავლეთში დემოკრატიული პროცესებისადმი მოქალაქეთა ნდობის შერყევას.

76 წლის ბაიდენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო 2009-2017 წლებში, ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას. მას ჯერ არ გამოუცხადებია, აპირებს თუ არა საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის.

მიხეილ სააკაშვილი: “წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული”

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე აქვეყნებს გენეტიკური ტესტის შედეგს, რომლის მიხედვთაც, როგორც თვითონ ამბობს, წვეთი სისხლი არაა მასში არაქართული.

„ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი. ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას, მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში. არ აღმომაჩნდა არცერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან. ამ კვლევის მიხედვით ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან, ოღონდ, იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

„აღმოჩნდა,რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია, ევროპელთან ქორწინებით. ყველა მეზობელს პატივს ვცემ და, რა თქმა უნდა, ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს, მაგრამ, აბა, ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას“, - ნიშნის მოგებით მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავის ოპონენტებს.

ავღანეთი აკრიტიკებს პაკისტანში თალიბანის დელეგაციის მიწვევას

თალიბანის ოფისი დოჰაში. 18 თებერვალს იწყება პაკისტანში თალიბანის დელეგაციის ვიზიტი

ავღანეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა განცხადებით, რომელშიც გამოთქვამს შეშფოთებას პაკისტანში თალიბანის დელეგაციის დაგეგმილი ვიზიტის გამო.

ქაბულის ინფორმაციით, თალიბებზე, რომლებიც ისლამაბადში უნდა ჩავიდნენ, ვრცელდება გაეროს სანქციები და საჭირო იყო ქაბულთან კონსულტაციების გამართვა ვიზიტის დაგეგმვამდე.

თალიბანის დელეგაციამ 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ 18 თებერვალს პაკისტანში შეხვდება აშშ-ის წარმომადგენლებს, რითაც გაგრძელდება ავღანეთის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკება. დაგეგმილია ასევე თალიბანის დელეგაციის შეხვედრა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანთან პაკისტან-ავღანეთის ურთიერთობაზე სასაუბროდ.

გაეროში ავღანეთის მისიის წარილში, რომელსაც რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახური გაეცნო, ნათქვამია, რომ პაკისტანში თალიბანის დელეგაციის ვიზიტი არღვევს ავღანეთის სუვერენიტეტს.

ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები არ ესწრებიან აშშ-თალიბანის მოლაპარაკებას, რაც ქაბულის უკმაყოფილებას იწვევს. თალიბანი ქაბულის მთავრობას მიიჩნევს დასავლეთის მარიონეტად, რის გამოც უარს ამბობს მასთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე.

საქართველოს რუკას სისხლის სამართლის კოდექსი დაიცავს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 18 თებერვალს განიხილავს საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ცვლილების მიღების შემთხვევაში, სს კოდექსს დაემატება 343-ე პრიმა მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

„საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ბოლო პერიოდის განმავლობაში ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც ხორციელდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება. მიზანშეწონილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ზემოაღნიშნული ქმედება განიხილებოდეს დასჯად ქმედებად და დაწესდეს სათანადო სასჯელი”, - წერია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა მოთხოვნით "შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა"

როგორც ბათუმში გამართული აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ინვესტიციის მოზიდვისა და განვითარების სახელით ბათუმის ნგრევა მიმდინარეობს. ისინი მოითხოვენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმებას, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, რა დაინგრეს და რა აშენდეს ბათუმში. აგრეთვე ძველი ბათუმის დამცავი ზონის დამტკიცებას, რომელიც "გეოგრაფიკმა" სპეციალისტების კვლევაზე დაყრდნობით მოამზადა. ბათუმელების ნაწილი მოითხოვს აგრეთვე, ხელისუფლებამ გადაიფიქროს განზრახვა, ბათუმი "რივიერაზე" ექვსი ცათამბჯენის მშენებლობის შესახებ, რომლითაც კომპანია "სილქ როუდ ჯგუფია" დაინტერესებული. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს ქალაქის მერს არ გასცეს ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის ნებართვა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გარეშე. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ რომ ბათუმის დამცველები გაერთიანდნენ და გამართავენ პერმანენტულ აქციებს, ვიდრე ადგილობრივი ხელისულება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG