საქართველოში ორდღიან სახელმწიფო ვიზიტად მყოფმა იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პირველი შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან. პრეზიდენტებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები - პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვითი, სამართალდაცვითი; ასევე - კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობა და მათი შემდგომი განვითარების გზები.
პრეზიდენტებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე იმის გათვალისწინებით, რომ იტალია წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა, აღნიშნული ორგანიზაციის დღის წერიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და დევნილთა საკითხების შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა, სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით, სექტორული თანამშრომლობის განვითარების საკითხებიც განიხილეს - გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერება, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო გაცვლითი პროგრამები და სხვა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იტალიის პრეზიდენტი პირველად ეწვია საქართველოს. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში სერჯო მატარელა შეხვდება ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და კათოლიკოს პატრიარქს. იგი მონაწილეობას მიიღებს ასევე საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმშიც.