Accessibility links

ამერიკელი კანონმდებლები აღაშფოთა პუტინთან შეხვედრის შემდეგ ტრამპის გამოსვლამ


დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი. ჰელსინკი, 2018 წლის 16 ივლისი

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის წევრებმა მკაცრად გააკრიტიკეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც 16 ივლისს, ჰელსინკიში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კატასტროფა უწოდა ამერიკის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებას და განაცხადა, რომ პუტინი ჩარევას მტკიცედ უარყოფდა. რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა დონალდ ტრამპის განცხადებას უწოდა აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო გამოსვლა. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა, რომელიც როგორც წესი, ტრამპის პოზიციებს იცავს, პრეზიდენტის გამოსვლა სისუსტის გამოვლინებად შეაფასა. გრემმა ტვიტერზე დაწერა, რომ ტრამპმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა რუსეთისთვის მოეთხოვა პასუხი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის და მკაცრად გაეფრთხილებინა მომავალი არჩევნების თაობაზე. სენატორის თქმით, დონალდ ტრამპის განცხადებას რუსეთი შეაფასებს სისუსტის გამოვლინებად, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, პოლ რაიანის შეფასებით, არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის არჩევნებში, დღესაც განაგრძობს დემოკრატიის შერყევის მცდელობებს არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში და კვლავ მტრულადაა განწყობილი შეერთებული შტატების ძირითადი ფასეულობებისა და იდეალებისადმი. სენატორ ჯეფ ფლეიკის განცხადებით, ვერასდროს იფიქრებდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან ერთად სცენაზე იდგებოდა და რუსული აგრესიისთვის აშშ-ს დაადანაშაულებდა. რესპუბლიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის თქმით, დროა სიმართლეს თვალი გაუსწორონ, რადგან პუტინი ამერიკელების თავისუფლების მტერია.

სენატში დემოკრატების უმცირესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, დონალდ ტრამპმა „კაგებეს კაცის“ სიტყვებს უფრო დაუჯერა, ვიდრე ამერიკული დაზვერვის დასკვნას და თავისი ინტერესები დააყენა აშშ-ის უსაფრთხოების და კეთილდღეობის ინტერესებზე მაღლა. ტრამპის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა დემოკრატმა სენატორმა, მარკ უორნერმა. მისი განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინის მხარე დაიჭირა და არა საკუთარი დაზვერვის და თავად შეერთებული შტატები დაადანაშაულა ამერიკულ დემოკრატიაზე რუსეთის თავდასხმის გამო. ტრამპის გამოსვლას ამერიკისთვის სამწუხარო და სამარცხვინო მომენტი უწოდა დემოკრატმა სენატორმა, ტიმ კეინმა, სენატორმა ბილ ნელსონმა კი ივარაუდა, რომ რუსეთი კონგრესის წლევანდელ არჩევნებშიც ჩაერევა. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების დასკვნით, რომელიც კონგრესის ორივე პალატამ გაიზიარა, რუსეთი პირადად პრეზიდენტ პუტინის მითითებით ჩაერია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. სპეცსამსახურების შეფასებით, რუსეთის მიზანი იყო დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის დისკრედიტაცია რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG