Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში რუსეთის ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს ამერიკელ პოლიტიკოსებთან დაახლოებულ ქალს


აშშ-ში რუსეთის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს რუსი ქალი, რომელსაც კავშირები აქვს ამერიკელ კონსერვატორ პოლიტიკოსებთან და ჯგუფებთან. 16 ივლისს, გვიან საღამოს სასამართლოსთვის წადგენილ განცხადებაში პროკურორები წერენ, რომ 29 წლის მარია ბუტინას ურთიერთობა ჰქონდა ამერიკელ პოლიტიკოსებთან და მუშაობდა აშშ-ის პოლიტიკურ ორგანიზაციებში შესაღწევად, უწინარესად იარაღის ეროვნულ ასოციაციაში (NRA), რომელიც იარაღის ლობისტი, გავლენიანი ორგანიზაციაა - და შემდეგ ინფორმაციას მოსკოვში აწვდიდა მაღალჩინოსნებს. საჩივარში ასევე ვკითხულობთ, რომ ბუტინამ 2015 წელს გაგზავნა იმეილი, რომელშიც NRA-ს უწოდა კონგრესის არჩევნების "უდიდესი სპონსორი". საჩივრის თანახმად, ბუტინა ამავე იმეილში ამბობს, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად რუსეთმა ურთიერთობა უნდა დაამყაროს ამ ორგანიზაციასთან და კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციასთან, რომელიც რესპუბლიკელთა პოლიტიკური კამპანიების მთავარი მხარდამჭერია. ბუტინა დამფუძნებელია რუსული ლობისტური კომპანიისა "იარაღის ტარების უფლება". ბუტინას დაპატიმრების შესახებ ცნობილი გახდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ჰელსინკიში დამთავრდა სამიტი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის. საჩივარში ნათქვამია, რომ ბუტინა აქტიურად ლობირებდა რუსეთის ინტერესებს აშშ-ის პოლიტიკაში, მათ შორის 2014 წელს დაწესებული სანქციების შემსუბუქებას.

XS
SM
MD
LG