Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა აშშ-ს უჩივლა ბირთვული ხელშეკრულების დატოვებისთვის


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ადასტურებს, რომ ირანმა მას საჩივრით მიმართა აშშ-ის მხრიდან თეირანისთვის სანქციების აღდგენის გამო. ირანი აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი არღვევს ბირთვულ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოაწერეს თეირანმა, აშშ-მა და მსოფლიოს კიდევ ხუთმა წამყვანმა ქვეყანამ. სასამართლოს დასტურამდე ერთი დღით ადრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი აცხადებდა, რომ სასამართლოში საჩივარი შევიდა, რათა აშშ "ანგარიშვალდებული იყოს ცალმხრივი სანქციების უკანონო აღდგენაზე". ზარიფმა ტვიტერით დაწერა, რომ "ირანი ერთგულია კანონის უზენაესობისა, აშშ-ის მხრიდან დიპლომატიის და კანონიერი ვალდებულებების უგულებელყოფის ფონზე", და დასძინა: "ძალიან მნიშვნელოვანია წინააღმდეგობა გაეწიოს საერთაშორისო სამართლის დარღვევის მის ჩვევას". 2015 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებით აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, ჩინეთი და ევროკავშირი დათანხმდნენ ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას. პასუხად ირანმა შეამცირა ურანის გამდიდრების პროგრამა და პირობა დადო, რომ არ იმუშავებდა ატომური იარაღის შექმნაზე. სანქციების მოხსნამ ირანს საშუალება მისცა თავისი ნავთობი და ბუნებრივი აირი მსოფლიო ბაზარზე გაეყიდა, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედებაში რჩებოდა აშშ-ის მეორადი სანქციები. მაგრამ მაისში ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ ცალმხრივად გამოიყვანა ხელშეკრულებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG