Accessibility links

ტრამპი აცხადებს, რომ სრულად ენდობა აშშ-ის დაზვერვას და ჰელსინკის სამიტზე არასწორად გამოთქვა აზრი


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისთვის მისაღებია აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურების დასკვნა მის შესახებ, რომ რუსეთი ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა დასძენს, რომ რუსეთის მოქმედებებს გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგზე. ამ განცხადებებით ტრამპი ჟურნალისტების წინაშე 17 ივლისს გამოვიდა, იმ ფონზე, როცა ის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა როგორც მოკავშირეების, ისე მოწინააღმდეგეების მხრიდან, ერთი დღით ადრე პრეზიდენტ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების გამო. ბევრის აზრით, ტრამპი პუტინისკენ იხრებოდა და ჩრდილს აყენებდა აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების მუშაობას. ტრამპმა ასევე უკან დაიხია ჰელსინკიში გაკეთებული განცხადებიდან, რომ ის ვერ ხედავდა მიზეზს იმის დასაშვებად, რომ რუსეთი ჩაერია არჩევნებში. 17 ივლისს მან განაცხადა, რომ სხვა რამეს გულისხმობდა და უნდა ეთქვა, ვერ ვხედავ მიზეზს იმის დასაშვებად, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა არჩევნებშიო. ტრამპი აცხადებს, რომ სრულად ენდობა აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებს და დასძენს, რომ მისი ადმინისტრაცია აგრესიულად იმოქმედებს საიმისოდ, რომ მოიგერიოს ჩარევის ნებისმიერი მცდელობა კანონმდებლების არჩევნებში. ტრამპის განცხადებებამდე ცოტა ხნით ადრე სენატის რესპუბლიკელთა ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა რუსეთს მიმართა გაფრთხილებით არ ჩაერიოს 2018 წლის აშშ-ის არჩევნებში და დასძინა, რომ სენატმა შესაძლოა კანონი მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე. 17 ივლისს უფრო ადრე ტრამპი ქედმოუხრელი ჩანდა მწვავე კრიტიკის წინაშე - ის ტვიტერით წერდა, რომ ჰელსინკიში პუტინთან შეხვედრამ "უფრო უკეთესად" ჩაიარა, ვიდრე გასულ კვირაში ნატოელ მოკავშირეებთან შეხვედრამ ბრიუსელში. 16 ივლისს პუტინის გვერდით მდგომი ტრამპი ღიად უსვამდა კითხვებს თავისივე სადაზვერვო სააგენტოების დასკვნებს, რომ რუსეთი ერეოდა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მისთვის მისაღები იყო პუტინის უარყოფა ჩარევის თაობაზე. ერთი კვირით ადრე, ბრიუსელში, ნატოს სამიტზე ტრამპი მწვავე კრიტიკით და შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოვიდა აშშ-ის მოკავშირეების მისამართით. ტრამპის განცხადება, რომ პუტინთან სამიტზე მან არასწორად წარმოთქვა მოსაზრება, მოჰყვა ბრიუსელსა და ჰელსინკიში მისი ნაბიჯების მწვავე კრიტიკას როგორც რესპუბლიკური პარტიის გავლენიანი წევრების, ისე დემოკრატების, აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურების წარმომადგენლების და ჟურნალისტების მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG