Accessibility links

პროფკავშირების ინფორმაციით, ტყიბულელ მეშახტეებს მუშაობას აიძულებენ


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაცია თანამშრომლებს აიძულებს მუშაობის განახლებას და წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრება, რომ ხელფასს არ გადაუხდის.

პროფკავშირების ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების მიუხედავად, ბოლო ორი დღეა ადმინისტრაციის წარმომადგენლები ურეკავენ დასაქმებულებს და ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელებას თხოვენ. პროფკავშირების ინფორმაციით, შახტის ადმინისტრაციამ გამოსცა წერილობითი ბრძანებაც, რომელიც ეხება ყველა დასაქმებულს და თუ ისინი მუშაობას არ განაახლებენ, გაცდენილი დღეების ხელფასს ვერ მიიღებენ. პროფკავშირების განმარტებით, შახტის ადმინისტრაცია კანონს არღვევს, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერ დასაქმებულს უფლება აქვს არ იმუშაოს, თუ ხედავს, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პროფკავშირები მოუწოდებს შახტის ადმინისტრაციას, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და პრემიერ-მინისტრს მიმართავს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა.

16 ივლისს, მინდელის სახელობის შახტში 4 სამთო ოსტატის დაღუპვის შემდეგ, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შახტი მუშაობას არ განაახლებს, სანამ არ დასრულდება როგორც სისხლისსამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, თუმცა, შახტში დასაქმებულები ამ პერიოდში ხელფასს მიიღებენ.

პროფკავშირების შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება მნიშვნელოვანი, თუმცა დაგვიანებულია, რადგან ჯერ კიდევ აპრილში, როცა მინდელის შახტში 6 ადამიანი დაიღუპა, პროფკავშირებმა მოითხოვა შახტის მუშაობის დაუყოვნებლივ შეჩერება. პროფკავშირების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათი მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, თავიდან იქნებოდა აცილებული 16 ივლისის ტრაგედია. ამჟამად პროფესიული კავშირების გაერთიანება მოითხოვს, რომ ტყიბულის შახტი დაიკეტოს მინიმუმ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების მუშაობის დაწყებამდე. პროფკავშირების განცხადებით, გარდა იმისა, რომ შახტში არსებობს რისკი ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის, მუშაობის განახლებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს ექსპერტების კვლევას.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG