Accessibility links

აშშ-ის სენატში სურთ რუსეთს "გეოპოლიტიკური იარაღი" წაართვან


აშშ-ის სენატში ინიცირებულია კანონპროექტი „რუსული ენერგეტიკული აგრესიის შეწყვეტის შესახებ,“ რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილეთა წინააღმდეგ. კანონპოროექტის ავტორის, რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ ბარასოს განცხადებით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსულ ბუნებრივ გაზს იყენებს გამოძალვის და აშშ-ის პარტნიორების მიმართ მუქარისთვის. სენატორის განმარტებით, მისი ინიციატივის მიზანია ნატოს წევრ სახელმწიფოებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავი აარიდონ მოსკოვის მხრიდან იძულებას და მანიპულაციებს. ჯონ ბარასოს განცხადებით, კანონპროექტის მიზანია რუსეთს წაართვას გეოპოლიტიკური იარაღი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესების და მოკავშირეებისთვის ამერიკული ბუნებრივი გაზის მიწოდების გაზრდის გზით. რესპუბლიკელი სენატორის თქმით, დროა, ამერიკული ენერგორესურსები გამოიყენონ მოკავშირეთა საიმედო ენერგოუსაფრთხოებისთვის. ბარასოს განცხადებით, რუსეთი განაგრძობს ევროპაში მშვიდობის და უსაფრთხოების შერყევას სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის ენერგომატარებლების გამოყენებით და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე. კანონპროექტი ნატოში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელს ავალებს ერთობლივ მუშაობას ალიანსის სახელმწიფოებთან, რათა მიაღწიონ წევრი და პარტნიორი ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას ევროპასა და ევრაზიაში, და აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს, შეიმუშაოს კომპლექსური ტრანსატლანტიური სტრატეგია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების ასამაღლებლად და ამერიკული ენერგომატარებლების ექსპორტის გასაზრდელად.

გაზსადენმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-მა ბალტიის ზღვის გავლით ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს რუსეთი და გერმანია. მილსადენის მშენებლობას დათანხმდნენ შვედეთი და ფინეთიც. 11 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის წინ განაცხადა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მეშვეობით გერმანია რუსეთის მძევალი გახდა და მის კონტროლქვეშ მოექცა. აშშ-ის გარდა, მილსადენის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან უკრაინა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG