Accessibility links

ზალკალიანი რუსეთზე: წითელი ხაზი გადის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე


დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სრულფასოვანი ურთიერთობები გადის იმ წითელ ხაზზე რომელსაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ამიტომ ყველა, მათ შორის რუსეთის ფედერაცია ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღიარების ძირითად პრინციპს. დავით ზალკალიანის კომენტარი მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომ მოსკოვი მზად არის საქართველოსთან სრულფასოვანი ურთიერთობის აღსადგენად. „ჩვენ დაინტერესებული ვართ რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს. ეს სრულად პასუხობს ჩვენი ქვეყნების ხალხის საფუძვლიან ინტერესებს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. ურთიერთობების ნორმალიზების პროგრესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე“- განუცხადა ზახაროვამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მიუხედავად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ამ საკითხის სიმწვავისა, საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა ვითარების დეესკალაციის მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების მოწესრიგების კუთხით პროგრესი არ ყოფილა. ზალკალიანის თქმით, „საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა იმისთვის,რომ მომხდარიყო სიტუაციის დეესკალაცია და ამას ჰქონოდა პოზიტიური ასახვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატზეც. სამწუხაროდ პოლიტიკური მოწესრიგების კუთხით არ ყოფილა პროგრესი.“ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიუხედავად ამისა, საქართველო განაგრძობს სამშვიდობო პოლიტიკას და ამის დასტურია სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ,“ რომელიც მიმართულია საოკუპაციო ხაზის იქით მცხოვრები თანამემამულეების ყოფის გაუმჯობესებისკენ და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ ყველა იმ სიკეთესა და სარგებელზე, რასაც საქართველო იღებს თუნდაც, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG