Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ყოფილი მინისტრების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ჯერ არ საუბრობს


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ცალკეულ მოხელეთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გამოძიება 2018 წლის მარტიდან მიმდინარეობს. პროკურორმა კოკა კაციტაძემ დღეს ჟურნალისტებს განუმარტა, რომ საქმეში, რომლის გამოც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოიკითხა, გამოძიების ინტერესის საგანია მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებში გამოვლენილი შესაძლო, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები. რაც შეეხება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძის გამოკითახვას, კოკა კაციტაძის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში გამოძიება სწავლობს სახელმწიფო შესყიდვებს, რომლებიც განხორციელდა სამინისტროსთან დაკავშირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან. პროკურორის თქმით, ყოფილი მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი ჯერ ნაადრევია. „რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომლის ბრალეულობაც გამოიკვეთება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში და არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობა ეკავა და რა სტატუსი გააჩნია დღეს“ - განაცხადა პროკურორმა, კოკა კაციტაძემ. მისივე თქმით, გამოძიება დაიწყო არა სამინისტროების მიმართვის, არამედ საგამოძიებო უწყებაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

ინფორმაცია პროკურატურაში ქუმსიშვილის და ალავიძის გამოკითხვის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG