Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სმითების ოჯახს სამშობლოში მიასვენებენ


სმითების ოჯახის ფოტოების გამოფენა მარნეულში. 12 ივლისი
სმითების ოჯახის ფოტოების გამოფენა მარნეულში. 12 ივლისი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხადის ხეობაში 4 ივლისს მოკლული სმითების ოჯახს სამშობლოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიასვენებენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენა კიევის გავლით ხორციელდება.

20 ივლისს კი სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის დაკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ბრალდებულის დასაკითხად ციხეში გამომძიებლები და ადვოკატი იმყოფებოდნენ. ადვოკატ დავით გირგვლიანის თანახმად, მალხაზ კობაურმა გამომძიებლებს იმ ორი პირის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებმაც, მისი თქმით, რაიან და ლორა სმითები და მათი 4 წლის ვაჟიშვილი მოკლეს. დავით გირგვლიანი ამბობს, რომ მალხაზ კობაურმა აღწერა როგორ გამოიყურებოდნენ ეს ადამიანები, რა გარეგნული და ინდივიდუალური ნიშან-თვისებები ჰქონდათ. მალხაზ კობაურმა, ადვოკატის თქმით, გამოხატა მზადყოფნაც, მონაწილეობა მიიღოს ადამიანების ფოტორობოტების შექმნაში. ადვოკატი გამოძიების პროცესში ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს.

სმითების ოჯახის წევრთა მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. პროკურორების განცხადებით, ბრალდებულმა ჯერ პოლიციისთვის კვალის არევა სცადა, შემდეგ კი მათ თავად უჩვენა, სად იყო დამალული მოკლული ბავშვის ცხედარი და დანაშაულის იარაღი. მოგვიანებით მან პოზიცია შეცვალა და სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მკვლელობა ჩაიდინა არა მან, არამედ "უცხო ორმა მამაკაცმა," რომლებიც მას ოჯახის ამოხოცვით დაემუქრნენ.

სმითების ოჯახის სამი წევრის ცხედრები 6, 7 და 8 ივლისს აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, მამა და 4 წლის შვილი მოკლულია, დედა კი გაქცევისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

ამერიკელმა რაიან და ლორა სმითებმა, რომლებიც საქართველოში 6 წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ, საქართველოში ორმაგი მოქალაქის სტატუსი 2012 წელს მიიღეს. ისინი ცხოვრობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც ხელით ნაქსოვი ხალიჩების ბიზნესი ჰქონდათ და სოციალურ პროექტებს ახორციელებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG